არჩილ თალაკვაძე: ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია
ჩვენი კოლეგის განცხადება თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, შოთა შალელაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც დეპუტატმა იუსტიციის მინისტრის მიერ ომბუდსმენის მისამართით გამოთქმულ შეფასებას, უპასუხისმგებლო განცხადება უწოდა.
„ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრის მიმართ არაკორექტულია.
თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ: მისი უშუალო ლიდერობით, არაერთი მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა, განვითარდა საჯარო სერვისების დაფარვა და ხარისხი, წარმატებით შესრულდა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა გუშინ, სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გააკეთა:
„მინდა გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ქალბატონი წულუკიანი საქართველის ისტორიაში ყველაზე უსამართლო ობმუსმენდს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით.
მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველამ პატივი სცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს, პატივი სცეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ შეძლო ადამიანის უფლებების აღიარება, განმტკიცება და დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის ,,ქართული ოცნება’’ და სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის ღირსების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ თვალი დავხუჭო მსგავს უსამართლობაზე.
ყოველთვის, ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს, ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არცერთი საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით“,- წერს შოთა შალელაშვილი.