შიო ხეცურიანი: კალათბურთის ფედერაციამ კალათბურთელებს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა

0

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილი კალათბურთელი,  შიო ხეცურიანი აცხადებს, რომ კალათბურთის მოქმედი ფედერაცია, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების გაყალბებას ცდილობს და ამისთვის მიზანმიმართულად ღებულობს უსამართლო გადაწყვეტილებებს.
შიო ხეცურიანმა შესაბამისი განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძესთან ერთად გამართულ საგანგებო პრესკონფერენციზე გააკეთა.
მისი თქმით, ფედერაციამ 64 კალათბურთელისგან შემდგარ, საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანებას ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მინიჭებაზე უარი უთხრა.
ხეცურიანი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და თვლის, რომ მსგავსი ნაბიჯებით ფედერაცია, არჩევნების გაყალბებისთვის ნიადაგს ამზადებს.
“მიმდინარე წელს შეიქმნა საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა გაერთიანება, რომლის ხელმძღვანელიცაა გიორგი ცინცაძე, გაერთიანება 64 მოთამაშისგან შედგება – ესენი არინ, როგორც სუპერლიგის, ასევე, ა ლიგის მოთამაშეები. აღნიშნულმა გაერთიანებამ 13 ივლისს მიმართა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომ იგი მიეღო სრულუფლებიან წევრად და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მინიჭებოდა. სამწუხაროდ, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და გამგეობამ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. განმარტება არ გაუკეთებიათ, მაგრამ რამდენადაც მოარული ხმით ვიცით – მიმდინარე წლის 15 მაისს გამგეობას მიუღია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, შემდგომი ყველა განაცხადი წევრობასა და დელეგატობის სურვილზე, არ იქნებოდა დაკმაყოფილებული. ეს არის კიდევ ერთი უსამართლობა, არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილება,რომელსაც, ფედერაციის ხელმძღვანელობა სჩადის. ფაქტობრივად, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, კალათბურთელებს ჩამოართვეს თავიანთი პოზიციის დაფიქსირების უფლება. გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო დაანონსებული, არ იყო დედლაინის არსებობის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული. სხვა ჩემს მიერ დასახელებულ ფაქტებს, რომლებითაც ისინი ცდილობენ გააყალბონ არჩევნები, ემატება ეს გარემოებაც. ფედერაცია ჩუმად, შენიღბულად მოქმედებს“,-განაცხადა შიო ხეცურიანმა.
მან ჟურნალისტებს იმ განცხადების ასლიც წარუდგინა,რომლითაც გიორგი ცინცაძემ ფედერაციას სრულუფლებიანი წევრობის თხოვნით მიმართა.
მისივე თქმით, მოგვიანებით, გაერთიანებამ კიდევ ერთხელ მიმართა ფედერაციას შემახსენებელი წერილით, პასუხი გაეცათ გადაწყვეტილებაზე, თუმცა, არც ერთ წერილზე პასუხი არ გაუციათ.

კომენტარები

კომენტარი