ტელეწამყვანი სექსუალურ შევიწროებაში სენატორს ადანაშაულებს

მოდელმა და ამერიკული ტელერხის „KABC “–ის წამყვანმა ლიენ ტუიდენმა ღია წერილში, მინესოტის სენატორ ელ ფრანკენს, სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. ტუიდენი წერს, რომ ინციდენტი 2006 წელს მოხდა, ფრანკენის სენატორად არჩევამდე ორი წლით ადრე. იმ დროს, მომავალი პოლიტიკოსი თავადაც შოუმენი და ტელეწამყვანი იყო. მას „NBC“–ზე ცნობილი გადაცემა „შაბათის საღამო პირდაპირ ეთერში“ მიჰყავდა.
ტუიდენი აცხადებს, რომ ფრანკენი მას ახლო აღმოსავლეთში მსახიობების და წამყვანების ერთობლივი გამგზავრებისას ავიწროებდა. ეს ჯგუფი იქ ამერიკელი სამხედროებისთვის გასართობი ღონისძიების ჩასატარებლად იყო ჩასული. ტუიდენი ყვება, რომ ფრანკენმა მას კომიკურ ეპიზოდში მონაწილეობა შესთავაზა, სადაც ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნათ და წინასწარ რეპეტიციის გავლა მოსთხოვა. ბევრი ხვეწნის შემდეგ, ქალი დათანხმდა, რა დროსაც ფრანკენმა მას აგრესიულად აკოცა. წამყვანი წერს, რომ მამაკაცი მაშინვე უხეშად მოიშორა და ამის მერე მასთან კონტაქტს ერიდებოდა, თუმცა, ის მუდმივად შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა.
ამერიკაში გამომგზავრების დროს, სამხედრო თვითმფრინავში, ტუიდენს თავის სკამზე ჩაეძინა. მას თავზე სამხედრო ჩაფხუტი ეფარა და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ კი, მას ფოტოსურათი აჩვენეს, სადაც ჩანს, რომ ფრანკენს ხელები ჩაძინებული ქალის მკერდზე აქვს შემოწყობილი. ტუიდენის თქმით, ის გაბრაზებული და უკიდურესად შეურაცხყოფილი იყო ასეთი მოქცევით. აღნიშნული ფოტოსურათი მან ღია წერილთან ერთად განათავსა. ის წერს, რომ მაშინვე უნდოდა, ამ ისტორიის შესახებ ხმამაღლა ეყვირა, მაგრამ რადგან დამწყები წამყვანი იყო, რეპუტაციის შელახვის შეეშინდა, ახლა კი აღარ ეშინია.
დემოკრატების სენატორმა შეურაცხყოფილი წამყვანის ღია წერილს უკვე უპასუხა. ის აცხადებს, რომ რეპეტიციასთან დაკავშირებით, მისი მოგონებები განსხვავდება, თუმცა, მაინც გულწრფელ ბოდიშს უხდის ქალს. ამავე დროს, მისი თქმით, ფოტოს გადაღებას მხოლოდ სახუმარო დატვირთვა ჰქონდა და აღიარებს, რომ ეს ხუმრობა არ შედგა.
აღსანიშნავია, რომ რეპორტიორებმა უკვე დაუსვეს შეკითხვა ამერიკის პრეზიდენტს ამ დემოკრატ სენატორთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპმა კითხვას–უნდა გადადგეს თუ არა ფრანკენი, თავი აარიდა.
სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, სკანდალი შეეხო აშშ–ის რესპუბლიკურ პარტიასაც. ცოტა ხნის წინ, ამ პარტიის კანდიდატი სენატში ალაბამადან, როი მური შვიდმა ქალმა დაადანაშაულა. მისივე პარტია პოლიტიკური სცენიდან მის წასვლას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები