მარიამ ჯაში ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას” მოსწავლეებს შეხვდა

0

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პირველ მოადგილე გენადი მარგველაშვილთან ერთად, ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას” მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრაზე, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ზოგად განათლებასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საგამოცდო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და იმ  რეკომენდაციებზე, რომლებიც მოსწავლეებისა და პედაგოგების ხედვით, ცვლილებების შესაძლებლობებებს იძლევა.

სკოლის დირექტორმა ნინო მურვანიძემ, სკოლის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა მაღალია სკოლის ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში. ისინი არიან კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის” ორჯერ გამარჯვებულები საქართველოში და მეოთხე გუნდური ადგილის მფლობელები ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ნინო მურვანიძემ სკოლების ვაუჩერებით დაფინანსების საკითხზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მათთვის საინტერესო საგნებზე.

შეხვედრაზე საატესტატო გამოცდების სისტემის ცვლილების საჭიროებაზე გამახვილდა ყურადღება.

მარიამ ჯაშმა პარლამენტის ახალგაზრდა სტუმრებს, საატესტატო გამოცდების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც ჩაჭრილი მოსწავლეებისთვის დამატებითი შანსის მიცემის შესაძლებლობას იძლევა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა ეს არის საკითხი, რომელზეც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ახალ მინისტრთან ერთად, აუცილებლად გააგრძელებს მუშაობას.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ სწავლის საუკეთესო პირობები. ყოველთვის მოხარული ვარ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრის, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან სისტემაში რა ცვლილებები გვჭირდება”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას” მოსწავლეები 23-30 ნოემბერს, პროგრამის – „ევროპული საგანმანათლებლო სივრცე” ფარგლებში, ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიემგზავრებიან, სადაც ლატვიის „აგენკალნების სახელმწიფო გიმნაზია” და მათი მოსწავლეები უმასპინძლებენ. ერთკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამა ინტეგრირებულ სამუშაოებს, სასწავლო აქტივობებსა და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი