“მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებზე, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, დადებითი დასკვნა მოამზადა”
მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებები ერთმანეთში ისე იყო ახლართულ-ჩახლართული, რომ პრაქტიკაში ურთულეს პრობლემას ქმნიდა, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, ”მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
ბესელიას თქმით, კანონპროექტის მომზადების პროცესში, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი, ვისთან ერთადაც, ცვლილებებზე მუშაობა წარიმართა.
მისი თქმით, ევროპის მაუწყებელთა კავშირში ექსპერტისთვის კანონპროექტი მოამზადეს და ორი დასკვნა არსებობს, რომელთა შორისაა ევროპის საბჭოს გენერალური დირექტორის დასკვნა.
როგორც ბესელია აცხადებს, აღნიშნული დასკვნები დადებითია.
„ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა შესყიდვების საკითხი, მართვა, ხელმძღვანელობა, სარეკლამო დრო განიხილა და ამ საკითხებზე დადებითი დასკვნა აქვს. შესყიდვებთან დაკავშირებით მიჩნეულია, რომ შესყიდვების წესიდან გამონაკლისის დადგენა დადებითი ფაქტორია და ამას მხარს ევროპის მაუწყებელთა კავშირი სრულად უჭერს. ხელმძღვანელობის მართვის თვალსაზრისით, დირექტორსა და ბორდის უფლებამოსილების გარკვეულ გამიჯვნაზეა საუბარი, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში ისე იყო ახლართულ-ჩახლართული, რომ არაგამიჯნული უფლებამოსილებები და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთში აღრეული გაწერილი ზოგადი ნორმები პრაქტიკაში ურთულეს პრობლემას ქმნიდა. ევროპის მაუწყებელთა კავშირს მიაჩნია, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი რისკი იმის თაობაზე, რომ არასწორად იყოს გამოყენებული ბორდის მიერ დირექტორის წინააღმდეგ სხვა ქმედებები და ამიტომ, უფლებამოსილების თვალსაზრისით, მიესალმება იმ მხრივ, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი ორგანო საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას აბალანსებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს მეტი გაძლიერება და მეტი რესურსი სჭირდება.