გელა ნიკოლაიშვილი: სახალხო დამცველი ყოველთვის ხელისუფლების ოპონენტია

“საკმაოდ დიდი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი, ამიტომაცაა ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, ისეთი სახალხო დამცველი იყოს დანიშნული, რომელიც ხელისუფლების მიმართ ლოიალური იქნება”, – ამის შესახებ უფლებადამცველმა, ადვოკატმა და ყოფილი სახალხო დამცველის ექსმოადგილემ, გელა ნიკოლაიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველი ყოველთვის ხელისუფლების ოპონენტია.
“სახალხო დამცველი მნიშვნელოვანი ფიგურაა. როდესაც ლაპარაკია იმაზე ვინ არღვევს ადამიანის უფლებებს, ადამიანის უფლებებს ყოველთვის ხელისუფლება არღვევს, თუნდაც ოპოზიცია ან სხვა ვინმე ლახავდეს სხვის უფლებებს აქაც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ გამოასწოროს და დასაჯოს დამნაშავე. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი ყოველთვის არის ხელისუფლების ოპონენტი. საკმაოდ დიდი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი. ამიტომაცაა, ნებისმიერი ხელისუფლება ცდილობს, ისეთი სახალხო დამცველი იყოს დანიშნული, რომელიც ხელისუფლების მიმართ ლოიალური იქნება”,-აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.
მან სახალხო დამცველის პოზიციაზე დასახელებული კანდიდატებიც შეაფასა და განაცხადა, რომ ვახუშტი მენაბდე და ზვიად ქორიძე კანდიდატებს შორის უფრო ნაკლები შანსის მქონე პირები არიან. გელა ნიკოლაიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში ობიექტური და მიუკერძოებელი ანა ნაცვლიშვილს კანდიდატურა იქნება.
“უჩა ნანუაშვილის ფიგურა საკმაოდ ბუნდოვანი იყო ხელისუფლებისთვის, დასავლეთის წრეებმა დიდი ლობირება გასწიეს მის მიმართ და ხელისუფლებასაც დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ხელისუფლება ექვემდებარება დასავლეთის გავლენას. დღევანდელ კანდიდატებზე, საუბარია ოთხ ქალზე და ორ მამაკაცზე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ვახუშტი მენაბდე და ზვიად ქორიძე ამ ოთხიდან უფრო ნაკლები შანსის მატარებელი მგონია, ერთი ის, რომ ზვიად ქორიძე ჟურნალისტია და ისეთი გამოცდილება არ აქვს, როგორც დანარჩენს. ვახუშტი მენაბდეც კარგი კონსტიტუციონალისტი და კარგი თეორეტიკოსია.
რაც შეეხება იმ ოთხ ქალბატონს, იქიდან გამომდინარე რომ სოფო ხორგუანი აღიქმება პროსახელისუფლო კანდიდატად, თვითონ ხელისუფლება შეიკავებს თავს, ისეთი კადრის დასახელებისგან, რომელიც პიარის თვალსაზრისით წამგებიანი იქნება. ჩემი აზრით, ობიექტური და მიუკერძოებელი ამ შემთხვევაში ანა ნაცვლიშვილია. მართალია ოპოზიციონერად აღიქმება, მაგრამ ეს ბუნებრივია. მას აქვს ეს თვისება, რომ თუ ხელისუფლება კარგ ნაბიჯს გადადგამს, აღნიშნოს. მე ვფიქრობ, რომ ეს კანდიდატურა ხელისუფლებისთვისაც მომგენიაბი იქნება და საქმისთვისაც, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სხვა კანდიდატურაც გამოჩნდეს”,-განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები