კახა კალაძე: საკრებულოდან თბილისის ბიუჯეტის პროექტს გამოვითხოვთ, ვინაიდან, ის ნარმანიამ წარადგინა და ჩვენი პრიორიტეტები გათვალისწინებული არ არის

საკრებულოდან თბილისის ბიუჯეტის პროექტს, რა თქმა უნდა, გამოვითხოვთ, იმიტომ რომ ის დავით ნარმანიას მიერ არის წარდგენილი და მასში ჩვენი პრიორიტეტები გათვალისწინებული არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის ბიუჯეტის პროექტზე ახალ გუნდთან ერთად იმუშავებს და მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებით დაუბრუნებს საკრებულოს.
„ბიუჯეტს გამოვითხოვთ და შემდეგ დავუბრუნებთ საკრებულოს ჩვენ მიერ განსაზღვრული პროექტებით, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მომავალი წლისთვის. ბევრი პროექტია: გუდიაშვილის, ორბელიანის, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის პროექტები. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი გზებისა და ესტაკადების მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვას საკრებულო მომავალი კვირიდან დაიწყებს. დოკუმენტი უკვე საკრებულოშია, ის 815 მილიონით განისაზღვრა და, წინა პარამეტრებთან შედარებით, 11 მილიონით არის შემცირებული.
დეპუტატებს ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების შესატანად ვადა 25 ნოემბრამდე აქვთ. ამის შემდეგ პროექტი განსახილველად ისევ მერიას დაუბრუნდება და უკვე მაქსიმუმ 10 დეკემბრამდე კახი კალაძე ბიუჯეტის ბოლო ვარიანტს დასამტკიცებლად საკრებულოში თავად წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები