შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელს, შესაძლო გადაცდომის გამო, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს.
საქმე ეხება დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებში ვერტმფრენიდან მოსწავლეებისთვის ტკბილეულის გადმოყრის ფაქტს.
აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო განმარტებას აკეთებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით, კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით გახორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება“ – აცხადებენ შს სამინისტროში.
ცნობისათვის, კახეთის სკოლის დირექტორები დღევანდელი უცნაური ფაქტის გამო, გაკვირვებას ვერ მალავენ. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში, მოსწავლეებს ვერტმფრენიდან ნაკურთხი კანფეტები ჩამოუყარეს.
გაურკვეველი სახელწოდების აქცია კახეთის სკოლებში სასწავლო პროცესის დროს, დიდ დასვენებაზე განხორციელდა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია სკოლის დირექტორებისგან შეიტყვეს და ისინი ვერტმფრენიდან „მორთმეულ“ ტკბილეულს დიდ დასვენებაზე ელოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები