პრეზიდენტი: ბიბლიოთეკა არის ადგილი, სადაც ადამიანი ინახავს თავის ცოდნას იმისთვის, რომ შექმნას ახალი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული ის პროექტები შეაჯამა, რომელიც სოფლის საჯარო ბიბლიოთეკების აღდგენა-მოდერნიზაცია-გაძლიერებას ითვალისწინებს. როგორც მან ბიბლიოთეკარებს მიმართა, მათ ყველა მოქალაქეს უნდა უთხრან, რომ ეს ქვეყანა არის მათი, ისინი არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ყველა პროცესი და პოლიტიკოსი, მხოლოდ მათ სამსახურში უნდა იდგეს და დგას.
ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრაზე ბიბლიოთეკარის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს საქმე მისთვის ძალიან ახლო და მნიშვნელოვანია.
მარგველაშვილმა ბიბლიოთეკარებს მადლობა გადაუხადა იმ საქმისთვის, რომელსაც ისინი აკეთებენ.
“რეალურად, ბიბლიოთეკა არის ადგილი, სადაც ადამიანი ინახავს თავის ცოდნას იმისთვის, რომ შექმნას ახალი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ის დღეს განსაკუთრებულ იმედს ამყარებს პროექტზე, რომელიც ხორციელდება.
“რეალურად, თქვენ ხართ კონკრეტულ ადგილებში იმ ცოდნის მატარებელი ადამიანები, რის საფუძველზეც უნდა შეიქმნას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ხვალინდელი დღე. ეს უნდა განაპირობონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც თქვენთან აქვთ ურთიერთობა. მათი იმედით და სწრაფვით მომავლისკენ უნდა შეიქმნას კიდევ უფრო უკეთესი ქვეყანა. მთავარი, რაც ჩემთვის არის ამ პროცესში, იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც თქვენგან ელოდება ინფორმაციას, მინდა უთხრათ მთავარი პირადად ჩემგან – ეს ქვეყანა არის მათი, ისინი არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და ყველა პროცესი, ყველა პოლიტიკოსი მხოლოდ მათ სამსახურში უნდა იდგეს და დგას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, მოქალაქეების დარწმუნება, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით და ისინი არიან მფლობელებიც და პასუხისმგებლებიც ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, არის მთავარი, რაც საზოგადოებაში უნდა გაძლიერდეს.
“თქვენ უნდა უთხრათ მოქალაქეებს, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით. განსაკუთრებით ახალგაზრდებზეა საუბარი, რომლებიც ამბობენ, რომ არ აინტერესებთ, რა ხდება პოლიტიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. თქვენი ფუნქციაა, რომ როცა ვაჟა-ფშაველას აწვდით, იფიქრონ, რომ ეს არის პოემა იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცე დღევანდელ ცხოვრებაში. მინდა გადასცეთ თქვენს მკითხველებს, პოლიტიკური ცხოვრება და მისი განვითარება არ არის მარტო დედაქალაქი. რეალურად, ის რაც მოხდება პატარა სოფელში, განაპირობებს მერე ძალიან ბევრს ქვეყანაში და არასდროს ქვეყანა არ აშენებულა მხოლოდ დედაქალაქით, ზემოდან ქვემოთ. მოტივაცია ქვეყნის განვითარებისა მოდიოდა ხალხიდან, ყოველდღიური შეხებიდან საზოგადოებასთან. თქვენმა მკითხველმა უნდა დაინახოს, რომ თუ შეცვლის ყოფას სოფელში და რაიონში, ეს შეცვლის რეალობას” , – მიმართა პრეზიდენტმა ბიბლიოთეკარებს.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მათი როლი თვითმმართველობის განვითარების პროცესშიც.
“თქვენ, ალბათ ხვდებით ადამიანებს, რომლებსაც გულით უყვართ საქართველო, მაგრამ უყვართ მხოლოდ წარსული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც უნდა ჩავუნერგოთ მოქალაქეებს, რომ მარტო წარსულით ცხოვრება, არზრუნვა დღევანდელ დღეზე, ხელის ჩაქნევა, განრიდება საზოგადოებისგან – ეს ის არ არის, რასაც თუნდაც ილია ჭავჭავაძე გააკეთებდა. ეს დიდი პროექტი, რომელიც გაძლევთ თქვენ ბევრ რესურსს, უნდა ითარგმნოს იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს საქართველოს მოქალაქე თავისი ქვეყნის შეგრძნებას, რადგან მარტო წარსულის ცოდნა და ახლის არშექმნა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წარსულს ვკლავთ და კულტურაზე ვამბობთ უარს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული ის პროექტები შეაჯამა, რომელიც სოფლის საჯარო ბიბლიოთეკების აღდგენა-მოდერნიზაცია-გაძლიერებას ითვალისწინებს და რომელიც 2014 წლიდან ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები