“საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე, ევროკავშირის ანგარიში მეტად პოზიტიურია”

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე, ევროკავშირის მიერ 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ხატიძე ეხმაურება.

როგორც ხატიძე აცხადებს, ანგარიში, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მიმდინარე პერიოდის ბოლომდე, არის მეტად პოზიტიური და ასახავს საქართველოს მიერ ყველა პრიორიტეტული მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა თუ ინიციატივებს, რის შედეგადაც, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდა.

მისი თქმით, ევროკომისია თავის ანგარიშში ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ქართული საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ.

„მდგრადი რეფორმების ძალისხმევითა და ევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების ამბიციით, საქართველომ გაიმყარა მისი, როგორც ყველაზე მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია რეგიონში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად მოკავშირეს უსაფრთხოების ხელშეწყობის სფეროში“. საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს განსაზღვრავს საერთო ფასეულობები, როგორიცაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობა, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენს. ანგარიში პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. კერძოდ, მოხსენება ხაზს უსვამს, რომ საქართველომ მოახდინა დემოკრატიის კონსოლიდაცია, განამტკიცა კანონის უზენაესობა და გააძლიერა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულ და კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა ვალდებულება, რომლებიც მთელ რიგ რეფორმებს მოიცავდა. ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზგასმულია საზღვრის მართვა, რომელიც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის საუკეთესო სტანდარტებთან. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის, საგადასახადო სფეროს, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმის, ტრანსპორტის დარგებში. ხაზგასმულია საქართველოს მიერ ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებაზე მიერთების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის ფაქტი. უაღრესად პოზიტიურად არის შეფასებული, საქართველოს ხელისუფლების მიერ, ჯანდაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, გააგრძელოს ის რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მაქსიმალურად დააახლოოს ევროკავშირთან. ამ თვალსაზრისით, პარლამენტი ყურადღებით ეკიდება თითოეულ სფეროში გასატარებელ შემდგომ სამუშაოს, რომელზეც ანგარიშშია საუბარი, მათ შორის, გააგრძელებს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების პროცესში მიღებული კანონების აღსრულებას და ხელს შეუწყობს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ძირითადი ინსტიტუტის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას. საქართველოში რეფორმების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფართომასშტაბიან მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური თუ ტექნიკური ინსტრუმენტების საშუალებით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს, აქტიური პარტნიორობისთვის და ჩვენი ქვეყნისადმი უპირობო მხარდაჭერისათვის“, -აცხადებს ხატიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები