დავით მათიკაშვილი: სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, დასახული მიზნები შესრულებული იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ხელისუფლებამ რამდენჯერმე სცადა სახელისუფლო სტრუქტურაში ცვლილებები შეეტანა, რომელიც დეპუტატის აზრით, მიზნად საზოგადოებისთვის თვალის ახვევას ისახავდა.

ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ჩვენ ამ ეტაპზე ვადევნებთ თვალს ჩვენი ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება. მიზანი ამ სტრუქტურული ცვლილებებისა, რომელიც პრემიერმა განაცხადა, სწორედ ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს, სახელისუფლებო მართვის მაქსიმალური ოპტიმიზაცია გახლავთ და ეს არის მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბების მიმართულება. სწორედ ამ სახელმწიფო აპარატმა მენეჯერული კუთხით, ჩვენი ქვეყნის ძალიან სწორი და ოპტიმალური მართვა უნდა განახორციელოს, რამაც შედეგი უნდა გამოიღოს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილის თქმით, ყველაფერს ორი მიზანი აქვს, ერთი არის ბიუროკრატიის შემცირება და მეორე – უკეთესი მართვა სამინისტროებისა და იმ მიმართულების, სადაც კონკრეტული პირია პასუხისმგებელი, რომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას თანამდებობრივად ეკუთვნის.

„ხაზს გავუსვამ იმ კანდიდატებს, რომლებიც მთავრობის ან პრემიერის მიერ დაანონსდა, რომ ინიშნებიან ხელმძღვანელებად. ყველას გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება, ყველა ეს პირი შესაბამისი მაღალი ცოდნით და გამოცდილებით არის გამორჩეული, განათლება საზღვარგარეთ აქვთ მიღებული. ჩვენ მთლიანად ვენდობით გიორგი კვირიკაშვილის გუნდს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ შესაბამისი ცვლილების ფონზე საქართველოს მთავრობა იქნება კიდევ უფრო მეტად მოქნილი, უფრო მეტად ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე და დასახული მიზნები იქნება შესრულებული შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად”, – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები