„​ქვეყნისთვის ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს – სპორტსა და კულტურას თანაბარი განვითარების საშუალება ექნება“

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კადრების ოპტიმიზაციას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ორი სამინისტროს გაერთიანების გამო, საკადრო ცვლილებები მოხდება, თუმცა, იგი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რა პროცენტით შემცირდება კადრები.
„როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, გარკვეული საკადრო ცვლილებები იქნება. ეს საკითხი სკლუპულოზურად არის გასავლელი და, სავარაუდოდ, პარლამენტის მიერ სამინისტროების ახალი ხელმძღვანელების დამტკიცებამდე უკვე გვეცოდინება“, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.
მინისტრი აცხადებს, რომ სპორტის სამინისტროში აქამდე მომუშავე სპეციალისტები შემოუერთდებიან მათ გუნდს.
გიორგაძის თქმით, „​ქვეყნისთვის ამ ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს, სპორტსა და კულტურას, თანაბარი განვითარების საშუალება ექნება“.
გიორგაძის განცხადებით, მოადგილეებს შორის გარკვეული სპეციალიზაცია მოხდება, როგორც კულტურის, ისე სპორტის მიმართულებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ სპორტის სამინისტროს გუნდის კულტურის სამინისტროსთან ორგანული შერწყმა მოხდება და ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის. უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ საბოლოო სტრუქტურაზე ჩამოვყალიბდებით და მაშინ მზად ვიქნები, გიპასუხოთ. მხოლოდ მოადგილით ან მოადგილეებით ეს შერწყმა არ შემოიფარგლება. სპორტის სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ და მათი გამოცდილების დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მიხეილ გიორგაძემ არ იცის, სად გააგრძელებს სპორტის ყოფილი მინისტრი საქმიანობას.
„ის მინისტრები, რომლებიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში პოზიციებს აღარ დაიკავებენ, ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან. რომელი მინისტრი დარჩება თანამდებობაზე, ეს პრემიერის პრეროგატივაა, შესაბამისად, ისინი შეთავაზებას პრემიერისგან მიიღებენ“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობას მიხეილ გიორგაძე დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები