ევროკომისია: საქართველო წარმატებით ასრულებს რეფორმებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს

ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში, რომელიც საქართველოს მიერ 2017 წელს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას ეძღვნება, ნათქვამია, რომ დღევანდელი ანგარიში ნათლად ადასტურებს საქართველოს წინსვლას რეფორმების გატარების კუთხით.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესი, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს, ადასტურებს ქვეყნის მტკიცე გადაწყვეტილებას ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირმა და საქართველომ ძალ-ღონე არ დაიშურეს მტკიცე პარტნიორობის შესაქმნელად, რომელიც დღითიდღე ღრმავდება და დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამა წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში. შედეგად, ჩვენ ვხედავთ აქამდე არნახული მასშტაბებით სტუდენტების მიმოსვლას და დღეს ჩვენს ბიზნესებს შორის ურთიერთობებისთვის არსებობს მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ოდესმე. დღევანდელი ანგარიში ნათლად ადასტურებს წინსვლას საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების კუთხით. ევროკავშირი გააგრძელებს დახმარების მიწოდებას რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში ჯერ კიდევ შესასრულებელი სამუშაოს პროცესში და მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს ჩვენი ასოცირების ხელშეკრულების სრულფასოვან და მდგრად განხორციელებას“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფედერიკა მოგერინიმ.
„ჩვენ დღესაც ვხედავთ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ახალ დადებით შედეგებს“, – განაცხადა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, ოჰანეს ჰანმა.
„ევროკავშირი-საქართველოს ახალი ასოცირების ხელშეკრულება უზრუნველყოფს პრიორიტეტების პრაქტიკულ ბაზას 2020 წლამდე ერთობლივი მუშაობისთვის. ევროკავშირის სტანდარტებსა და რეგულაციებთან დაახლოება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, განამტკიცოს თავისი როლი საერთაშორისო ბაზარზე. ევროკავშირი არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და 2017 წელს ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი პროგრესი დაფიქსირდა. 2017 წლის ივლისში სრულფასოვანი წევრის სტატუსით საქართველოს შესვლა ენერგეტიკულ გაერთიანებაში წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირისა და საქართევლოს დაახლოების გზაზე“.
მე-2 ერთობლივ ანგარიშში შეფასებულია 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგები. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებული სტრატეგიული პრიორიტეტების მიმართულებით მიმდინარე ძირითად საქმიანობასა და რეფორმებზე.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში განხორციელდა რიგი რეფორმები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად, ასევე, სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ზოგადად, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) აღებული ვალდებულებები შესრულებულია შეთანხმებულ ვადებში. მიღწეულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია და მიღებულია ადამიანის უფლებათა დაცვის და ანტიდისკრიმინაციული ამომწურავი საკანონმდებლო ბაზა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რიგი ვალდებულებების შესრულება მოითხოვს დამატებითი კანონების მიღებას და, ამასთან ერთად, არსებული წესებისა და სტანდარტების სტაბილურად გატარებას. ამას კი არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორც გარანტიას, რომ დროთა განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები სრულად ისარგებლებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის და ევროკავშირი-საქართველოს გაფართოებული ურთიერთობების დადებითი შედეგებით.
რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების სფეროს, ანგარიშში ხაზგასმულია ის სარგებელი, რომელიც 2014 წლის სექტემბერში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილობრივმა ამოქმედებამ მოუტანა ევროკავშირსა და საქართველოს. ევროკავშირის ტექნიკურ რეგულაციებსა და სტანდარტებთან პროგრესულიდაახლოების შედეგად, საქართველომ შეძლო სულ უფრო და უფრო გაეზარდა მისი მონაწილეობა საერთაშორისო წარმოების ჯაჭვში. 2016 წელს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, მთლიანი ვაჭრობის 30%-იანი წილით.

„2017 წლის წინასწარი მონაცემები ამ ტენდენციის გაგრძელებაზე და ორმხრივი ვაჭრობის მდგრად სიმტკიცეზე მიუთითებს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 პირველ სემესტრში იმპორტი ევროკავშირში საქართველოდან გაიზარდა 56%-ით, ხოლო ევროკავშირის ექსპორტი საქართველოში 2%-ით.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მეშვეობით, ევროკავშირს აქტიურად შეაქვს წვლილი კონფლიქტის მოგვარებისკენ გამიზნულ ძალისხმევაში. რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროს, ასევე ბრძოლას ტერორიზმისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან, საქართველო რჩება ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი. 2017 წლის აპრილში საქართველომ და ევროპოლმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ, ხოლო ოქტომბერში შედგა უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა. საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ ევროკავშირის სამხედრო და სამოქალაქო ოპერაციებში, რითაც განამტკიცებენ ევროკავშირის, როგორც გლობალური უსაფრთხოების მიმწოდებლის, როლს და აძლიერებენ სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით“,- ნათქვამია პრეს-რელიზში.

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები