ირაკლი შოთაძე სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის წარმატებულ მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის წარმატებულ მონაწილეებს შეხვდა.
მთავარი პროკურატირის ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ სტაჟიორობის კანდიდატებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ირაკლი შოთაძე მონაწილეებს საქართველოს პროკურატურის მიდგომებზე, პროკურორის პროფესიულ როლზე, არსებულ გამოწვევებსა და სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები და შესარჩევი კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 2017 წლის მაისში გამოცხადდა, რომელზეც 1315 მსურველის განაცხადი შემოვიდა. სამეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად 62 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა. სტაჟიორებმა გაიარეს ტესტირებები სპეციალობასა და ზოგად უნარებში, ბოლო ეტაპი კი საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიასთან გასაუბრება იყო. კანდიდატთა შერჩევა მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების საფუძველზე მოხდა.
კანდიდატები სტაჟირების პირველ ეტაპზე სპეციალურ სასწავლო მომზადებას გაივლიან. სწავლების ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას როგორც სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, პროფესიული ეთიკის, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით, ასევე სამართლებრივი წერის, კომუნიკაციის, სასამართლო უნარებისა და სხვა მნიშვნელოვანი პროფესიული თემების შესახებ. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია მსმენელებისთვის იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც მათ სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარებათ. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, წარმატებული მონაწილეები საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებში განაწილდებიან და ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს კვალიფიციური კადრების მოზიდვა და განვითარება წარმოადგენს. ამ მიზნით პროკურატურა სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს პერიოდულად აცხადებს, რაც დაინტერესებულ პირებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები