ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების სიას 15 ახალი ნივთიერება დაემატება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტები განიხილეს.

საკითხი განსახილველად I მოსმენით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, კანონპროექტის შემუშავება  საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებითაა განპირობებული.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა,  გაეროს „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ” 1961 კონვენციის („ყვითელი სია”) და  „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ” 1971 წლის კონვენციის („მწვანე სია”) გადახედვის შედეგად, თანდართულ სიებს, 15 ახალი ნივთიერება დაემატება.

„საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები. ამ ვალდებულებებით გათვალისწინებულია, რომ ყველა ის ახალი ნივთიერება, რომელსაც გაერო ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების სიებში შეიტანს, ეს საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში უნდა აისახოს “, – განმარტა ზაზა სოფრომაძემ.

კომიტეტის წევრებმა მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განმარტებით, ახალ საკანონმდებლო პაკეტში, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს, არის შეთავაზება იმისა, რომ მომავალში ასეთი სია არა პარლამენტის არამედ, მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს.

„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რომ მომავალში, ოპერატიულობის თვალსაზრისით, ეს პროცესი მთავრობის დადგენილებით დარეგულირდეს”, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები