მიხეილ ყაველაშვილმა გორის საზღვრისპირა სოფლები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან, სახელმწიფო მინისტრ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილთან და გორის მერ კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად, გორის საზღვრისპირა სოფლები მოინახულა. დელეგაციის პირველი შეხვედრა სოფელ თხვენისში ბავშვთა საფეხბურთო გუნდში შედგა. სტუმრებმა ადგილობრივ საფეხბურთო გუნდს საჩუქრად სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი გადასცეს.

„გახარებული ვარ ყოველთვის იმ ფაქტით, რომ სპორტის სამინისტრო ასეთი სახის ღონისძიებებს გეგმავს, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით. მინდა, რომ მუდამ გახარებული იყოთ, ფეხბურთი არის ყველაზე მაგარი სპორტი იმისთვის, რომ სულ ერთად იყოთ, ბევრი ივარჯიშოთ და მომავალი დაგეგმოთ. სპორტის ეს სახეობა ყველაფერში ხელს შეგიწყობთ. ამიტომ არ დაიზაროთ, ბევრი ივარჯიშეთ და ფეხბურთი ბევრ რამეს გასწავლით. ერთ-ერთი პირადად ჩემი მაგალითიცაა, ასევე, ჩვენს ქვეყანაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მრავლადაა წარმოდგენილი წარმატებული სპორტსმენები კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი და სხვები, რომლებმაც თავისი დაუღალავი შრომით დაიპყრეს წარმატების ის სიმაღლეები, რომლებიც ბევრისთვის ძნელად დასაპყრობია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სწავლის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან ფეხბურთი კარგი სწავლის გარეშე არაფერია”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამის შემდეგ, დელეგაციის წევრები სოფელ ნიქოზში, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე ისაიასა და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორ ირაკლი ჟორჟოლიანთან ერთად, მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაციას დაესწრნენ. მეკლდეურთა კლუბი ორგანიზაცია „გზა მშვიდობისკენ” ინიციატივითა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიხსნა, აქ ადგილობრივი ბავშვები ვარჯიშობენ და კლდეზე ცოცვის გამოცდილებას ეუფლებიან.

ვიზიტის ბოლოს, სოფელ ბებნისის დღის ცენტრს ესტუმრნენ. წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე გასულ წელს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, შეიქმნა ტრადიციული ხელობის შემსწავლელი ცენტრი. პროექტის ბენეფიციარები არიან ქარელის რაიონი 15-მდე შშმ პირი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 30-მდე ახალგაზრდა.

„აღფრთოვანებული ვარ ამ ბავშვების ნამუშევრების ხილვით და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთ ღირებულ ნივთს შექმნიან თავისი შემოქმედებით. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბავშვებს შეუქმნა ყველა ის პირობა, რომ დაეუფლონ პროფესიულ განათლებას და მოახდინონ თვითრეალიზება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს რეგიონი ჩვენთვის და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდული ცენტრი, სპორტული ინფრასტრუქტურა და ყველანაირი საჭირო გარემო შევქმნათ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ეს ყველაფერი წინგადადგმული ნაბიჯია, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ურთიერთობის აღდგენის მიმართულებით”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები