“საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად ქართული დიპლომატია ურთულეს ბრძოლაშია ჩაბმული, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე რუსეთია”

„სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან დღემდე ჩვენმა ქვეყანამ არაერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, რაც ქართული დიპლომატიის დამსახურებაა“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
საქართველოს პრეზიდენტი განცხადებაში დიპლომატების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად უვიზო მიმოსვლას და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობას ასახელებს.
”გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს – ქართველი დიპლომატის დღეს. ეს თარიღი განსაკუთრებულია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, რადგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის სუვერენიტეტს.
სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან დღემდე ჩვენმა ქვეყანამ არაერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, რაც ქართული დიპლომატიის დამსახურებაა.
უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ასოცირების შეთანხმება, თანამშრომლობის ახალი საერთაშორისო პროექტები, ხელშეკრულებები – ყველა ამ წარმატებაში განუზომელია ქართული დიპლომატიის წვლილი და ძალისხმევა.
ჩვენ შევძელით, საქართველო გამხდარიყო არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, არამედ ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ფუნქციით აღჭურვილი სახელმწიფო, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ხალხებს, რეგიონებსა და კონტინენტებს.
ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ქართული დიპლომატია დღეს ურთულეს ბრძოლაშია ჩაბმული, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე ისეთი ძლიერი დიპლომატიური ტრადიციების მქონე ქვეყანაა, როგორიც არის რუსეთის ფედერაციაა. ამ მძიმე პაექრობაში ჩვენ შთამბეჭდავ წარმატებას მივაღწიეთ: კონსოლიდირებული ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სრულიად ჩაიშალა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გეგმა და ერთმნიშვნელოვნად შეუქცევადი გახდა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ამასთან ყოველწლიურად იზრდება გაერო-ში დევნილთა და ლტოლვილთა უპირობო და ღირსეული დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მომხრე სახელმწიფოთა რაოდენობა.
ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის კვლავაც გრძელდება. დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი სამშობლოს გაძლიერება და კეთილდღეობა ჩვენი დიპლომატიის უმთავრესი ამოცანაა.
 
სიმბოლურია, რომ დღევანდელი დღე უკავშირდება უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის სახელს, რომელმაც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ნათლად გამოკვეთა ჩვენი დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის ღირებულებები და ევროპული ვექტორი.
 
ჩვენ წინ კიდევ მრავალი გამოწვევა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კვლავაც მრავალი გამარჯვებას ვიზეიმებთ. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ქართული დიპლომატიის დღის აღნიშვნას ერთიან, ძლიერ, ევროპულ და ევროატლანტიკურ საქართველოში.
 
კიდევ ერთხელ, გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ წარმატებებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები