თბილისის გენგეგმის პროექტზე მუშაობა დასრულდა, დოკუმენტი მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება

​თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პროექტი დედაქალაქის მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება, რის შემდეგაც დოკუმენტი დასამტკიცებლად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალ შემადგენლობას.
თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე ​უკვე შეხვდა გენგეგმის ჯგუფის წევრებს და პირადად მოისმინა ყველა ის საკითხი და პრინციპები, რომლებიც დოკუმენტშია წარმოდგენილი. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ახალი მერი ოფიციალურად შეუდგება თავისი უფლება-მოვალეობის შესრულებას, მერიაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრები გენგეგმის პროექტს ძირფესვიანად გაეცნობიან.
​როგორც “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, დიდი ალბათობით, თბილისის ახალი მთავრობა მიიღებს მათ მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც იქნება დედაქალაქში არსებული მწვავე პრობლემების მოგვარებისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი, მათ შორის, მოგვარდება ქაოტური მშენებლობების პრობლემა და ისინი გარკვეულ რეგულაციებს დაემორჩილებიან.
მამუკა სალუქვაძის ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვა დღეის მდგომარეობით 6,5 მლნ კვადრატულ მეტრის ფართობზეა გაცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის გარე განვითარება საჭირო აღარა არის.
“ჩვენ გავაკეთეთ გაცემული ნებართვების ანალიზი და საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ კიდევ რამდენი საცხოვრებელი ზონა შეემატება ქალაქს, მაგრამ გენგეგმის ჯგუფის პრეროგატივა არ არის კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვების გაუქმება. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია ჩათვლის საჭიროდ, რომ რომელიმე მშენებლობის გამო საფრთხე ექმნება კონკრეტულ გამწვანებულ ტერიტორიას და ადგილმონაცვლეობის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი უფლებაა”, – განმარტავს მამუკა სალუქვაძე.
​მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში, მერობის კანდიდატების მხრიდან განსაკუთრებულად მაღალი იყო გენგეგმის პროექტის მიმართ ინტერესი, რომლებმაც თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამაში ჩადეს ის პრინციპები, რაც გენგეგმაშია ასახული.
მამუკა სალუქვაძის თქმით, გენგეგმის პროექტის მომზადება 2 მლნ 800 ათასი ლარი დაჯდა, თუმცა, დამკვეთი თანხა სრულად მას შემდეგ გადაიხდის, რაც დოკუმენტი საბოლოოდ დამტკიცდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები