გიორგი მარგველაშვილი: სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე, ეს იყო ჩემი არჩევანი
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე, 47-ე საჯარო სკოლაში გახსნილ მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა. გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრების გარეშე მივიდა.
“ამომრჩეველს მოვუწოდებ, იყოთ ძალიან აქტიურები, დღეს ძალიან ბევრი საკითხის ბედი წყდება. თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ძალიან ბევრი ყოველდღიური პრობლემა და საჭროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უფრო უკეთეს და უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება ბევრად უფრო მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს იმას, რაც უნდათ მოქალაქეებს თავის უბანში, თავის სოფელში, აქედან გამომდინარე, შექმნის უკეთეს ყოფას.
თვითმმართველობა ახლა იქმნება და ახალმა არჩეულმა დეპუტატებმა, მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ საზოგადოებას. ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს, გამოვიყენე შემდეგნაირად – ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე, ეს იყო ჩემი არჩევანი”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრისას.