საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს – ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო
საქართველოში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო. ამომრჩეველი დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 64 საკრებულოს 2058 წევრსა და 64 მერს აირჩევს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლის მისაღებად მზად არის. საარჩევნო უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. თითოეული უბნის წევრს გავლილი აქვს ტრენინგი და ისინი არჩევნების ჩასატარებლად მზად არიან.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფია რეგისტრირებული, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 200 საინიციატივო ჯგუფი. არჩევნებისათვის მერობის 369 კანდიდატია რეგისტრირებული, მათ შორის 13 თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს. პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა კი 12 902-ია.
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია. თვითმმართველობის არჩევნებისთვის 9 546 450 ბიულეტენი დაიბეჭდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება და ხმის დათვლის პროცედურები სწორედ მაშინ დაიწყება.