პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეების რეაბილიტაცია მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება

„წინასწარი  გაანგარიშებით, ყველა სამუშაოს, მთლიანობაში, რამდენიმე მილიონი ლარი დასჭირდება. თუმცა, ეს არის მხოლოდ წინასწარი გაანგარიშება. შესაბამისი სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეების რეაბილიტაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაბამისი კომისია უკვე შექმნილია და მუშაობა მიმდინარეობს.

„წინასწარი გეგმით, საუბარია რამდენიმე მილიონზე, რომელიც როგორც ქუთაისის, ასევე, თბილისის შენობაზე უნდა დაიხარჯოს. პარლამენტის ქუთაისის სასახლე დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებს, იქიდან გამომდინარე,  რომ რეაბილიტაციას საჭიროებს პირველ რიგში, გადახურვა, მათ შორის, შუშის კონსტრუქცია, საიდანაც წყალიც კი ჟონავს წვიმის შემთხვევაში. ამ კუთხით არის საკმაოდ მძიმე ვითარება. გარდა ამისა, საჭიროა მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობაა ქუთაისში შენობის გარშემო და ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, პარკის მოწყობა შენობის მიმდებარედ, რომელიც მოემსახურება არა მარტო პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს, არამედ, მთლიანად, ქუთაისის მოსახლეობას”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კონკრეტული სამუშაო სივრცეების შექმნის მიზნით, პარლამენტის თბილისის სასახლეში ერთ-ერთი ფლიგელის რეაბილიტაცია იგეგმება.

„ასევე, თბილისში იგეგმება ერთ-ერთი ფლიგელის რეაბილიტაცია იმისთვის, რომ იქ კონკრეტული სამუშაო სივრცეები შეიქმნას, მათ შორის, საკონფერენციო სივრცეები, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ.

წინასწარი  გაანგარიშებით, ყველა სამუშაოს, მთლიანობაში, 4.5 მლნ ლარი დასჭირდება, თუმცა, ეს არის მხოლოდ წინასწარი გაანგარიშება. ეს არის ყველა პროექტის ერთობლიობა. დანარჩენზე აპარატი მუშაობს, შესაბამისი კომისიაა შექმნილი და ისინი მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერებთან დაკავშირებით. შესაბამისი სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები