ეკა ბესელია ტერეზა ტალჰამმერს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) კავკასიის ქვეყნების პროექტების ხელმძღვანელთან, ტერეზა ტალჰამმერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა, რამდენიმე კვირის წინ, IRZ-ის ორგანიზებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება, გერმანიის უზენაესი ფედერალური სასამართლოს მოსამართლესთან შეხვედრა გამართეს .

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ტერეზა ტალჰამმერს სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტის მიმდინარე წლის გეგმები გააცნო. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ამ მიმართულებით კომიტეტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობს. მისი თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება და ექსპერტული მოსაზრებების გაცნობა საინტერესო იქნება.

„ჩვენთვის ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ყოველთვის ვაკვირდებით წამყვანი ევროპული ქვეყნების მაგალითებს. ვცდილობთ, რომ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა იყოს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი”,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) კავკასიის ქვეყნების პროექტების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო კუთხით კონსულტაციებში აქტიურად ჩაერთვება.

ეკა ბესელიამ სტუმარს, ასევე მომავალი წლისთვის კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები გააცნო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე თემასთან, მათ შორის, ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობის მიერ მზადდება და მალე იქნება ინიცირებული, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი ითანამშრომლებენ.

„ჩვენ კარგი ტრადიცია გვაქვს. ვმუშაობთ მაქსიმალური ჩართულობით, პროცესში ჩართულია მთავრობაც და სამოქალაქო სექტორიც. როდესაც ვრთავთ საერთაშორისო ექპერტებს, ეს ამ პროცესის ხარისხს ზრდის”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ტერეზა ტალჰამმერს გააცნო კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტები, მათ შორის საზედამხედველო საქმიანობის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები