ნიკა მესხი: თბილისში ფაროსანას გავრცელების საშიშროება არ დგას

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა მესხმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან განაცხადა, თბილისში მდებარე ყველა პარკში მონიტორინგია დაწყებული, თუმცა ამ ეტაპზე საგანგაშო სიტუაცია არ არის.
მისივე თქმით, გასვლითი შეხვედრები იმ რეგიონებშიც ჩატარდა, სადაც მავნებლის ეს სახეობა დაფიქსირებული არ არის.
„აქტიურად ვახორციელებთ მონიტორინგს ფაროსანას გავრცელების დადგენის მიზნით. რამდენიმე დღის წინ თბილისშიც დაფიქსირდა ეს მავნებელი და ჩვენ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად დედაქალაქში მდებარე ყველა პარკში დავიწყეთ მონიტორინგი. თუ იქნება მავნებლის რიცხოვნობა გაზრდილი და საჭირო იქნება შესაბამისი ღონისძიების გატარება მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ვიმოქმედებთ. მაგრამ, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას.
რაც შეეხება გამოსაზამთრებელ პერიოდს, მავნებელი საცხოვრებელ სახლებში, ცხოველთა სადგომებში და ტყეებში გადაინაცვლებს. სწორედ მაშინ ჩატარებული ღონისძიებაა ეფექტური. ხოლო იმ ქიმიური პრეპარატის გამოყენება, რომელიც ჩვენ მოსახლეობას გადავეცით დაუშვებელია სახლში. აქ არის მექანიკური მეთოდი, რომელიც კარგად მოქმედებს მის გასანადგურებლად.
სხვა რეგიონებში მაგალითად კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში მოსახლეობის ინფორმირებისთვის გასვლითი შეხვედრები გვქონდა და ტრენინგები ჩავუტარეთ ფერმერებს. თუმცა, ამ მხარეში მავნებლის ეს სახეობა არ ფიქსირდება.
ხოლო გაზაფხულზე, როცა ტემპერატურა გადააჭარბებს 15 გრადუსს ეტაპობრივად მათი გადაადგილება მწვანე მცენარეებზე ხდება, რითიც ისინი იკვებებიან. ჩვენი სააგენტო სწორედ ამ დროისათვის აქტიურად ემზადება და მობილიზებულია“, – აღნიშნა მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა მესხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები