ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიის ზონებში კოორდინირებულად მუშაობენ

სტიქიის ზონებში ამ დროისათვის გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა საავტომობილო მიმოსვლა ყველა მიმართულებით უმოკლეს ვადაში აღდგეს.

იმერეთის, გურიის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამუშაოს კოორდინირებას უშუალოდ უწევენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მუნიციპალიტეტებში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბები და დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. ასევე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქუთაისსა და ოზურგეთში. ასევე, განვითარდა მეწყრული პროცესები გურიისა და აჭარის რამდენიმე სოფელში. ყველა დაზარალებულ მონაკვეთში მობილიზებული არიან სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.

ამ ეტაპზე იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში ელექტროენერგია რამდენიმე ათას აბონენტს არ მიეწოდება, ადგილზე მუშაობენ „ენერგო პრო-ჯორჯიას” წარმომადგენლები, პრობლემურ კერებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რათა მოსახლეობას ელექტროენერგია უმოკლეს ვადაში აღუდგეს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები აჭარაშიც შექმნა, სტიქიის ადგილას იმყოფება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ძლიერი თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზების მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. გურიასა და იმერეთის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაობს დილიდან ახორციელებენ. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა საქართველოში 17 ოქტომბრამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი და ქარბუქი. 18 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, დღის ტემპერატურა მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები