მარიამ ჯაში და გიორგი ვოლსკი ინდოელ არქეოლოგთან, ნიზამუდინ ტაჰერთან ერთად ილია მეორეს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ინდოელ არქეოლოგს,  ნიზამუდინ ტაჰერს შეხვდნენ, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების აღმოჩენაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე  გიორგი ვოლსკი  აქტიურად  იყო ჩართული კავკასიის უნივერსიტეტში მოღვაწე პროფესორებთან კომუნიკაციაში, რომელთა ორგანიზებითაც  ტაჰერის მოწვევა და მისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება მოხდა.

ნიზამუდინ ტაჰერმა არქეოლოგიურ კვლევას 26 წელი მოანდომა, აქედან 6 წელი  – უშუალოდ ექსკავაციის და არქეოლოგიური ძიების პროცესს. ქეთევან დედოფლის  წმინდა ნაწილებს მეცნიერმა 2004 წელს მიაკვლია, ხოლო შემდგომი  8 წლის განმავლობაში არქეოლოგიური, გენეტიკური, ლიტერატურული, ისტორიული მტკიცებულებების ანალიზსა და შეჯერებას ახდენდა, რომ წმინდა ნაწილები ნამდვილად ქეთევან დედოფალს ეკუთვნის.

„გოაში აღმოჩენილი წმინდა ნაწილები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ გოაში უაღრესად დიდ პატივს სცემენ ქეთევან დედოფალს, როგორც  ქრისტიანობისთვის, შვილისთვის და სამშობლოსთვის წამებულს.   პროფესორ ნიზამუდინ ტაჰერის   თქმით, ქეთევან დედოფალს გოაში  ყველა დედა-ქალბატონად მოიხსენიებს”, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ინდოელმა   პროფესორმა დაინტერესება გამოხატა დმანისის არქეოლოგიური გათხრებით. ის თვლის, რომ დმანისი ცივილიზაციის აკვანია.  შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

დღესვე  მარიამ ჯაში და გიორგი ვოლსკი ინდოელ სტუმართან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს,  ილია მეორეს ეწვივნენ.

გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კვლევის პროცესში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი მკვლევარები, რომლებიც საერთო არქეოლოგიურიმა მიზანმა და ქეთევან წამებულის ისტორიამ გააერთიანა.

სრულიად საქართველოს   კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა,  ილია მეორემ მადლიერება გამოთქვა ინდოეთის მთავრობის მიმართ გოაში განხორციელებული  დიდი აღმოჩენისთვის.  მან, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, რომლის ხელშეწყობითაც მოხდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება საქართველოში, რამაც  ქართველ  ხალხს შესაძლებლობა მისცა, პატივი მიაგოს ქრისტიანობისთვის წამებულ ქართველ დედოფალს.

დეპუტატებმა პატრიარქს თხოვნით მიმართეს, რომ  იმ მუზეუმს, სადაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დაიდებს საბოლოო ბინას და ასევე არქეოლოგიურ ინსტიტუტს, რომელსაც ტაჰერი და მისი გუნდი წარმოადგენს, საქართველოს საპატრიარქოს  სახელით,  გადაეცეს ქეთევან წამებულის ხატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები