“შემოწმებული 44 ჩინური სათამაშოდან 21 ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის“

“შემოწმებული 44 ჩინური სათამაშოდან 21 ბავშვისთვის უსაფრთხო არ არის“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მათ მიერ შემოწმებული სათამაშოები ჩინური წარმოებისაა.
“შევამოწმეთ ბაზარზე გავრცელებული იაფფასიანი სათამაშოები, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. 44 სათამაშოდან, 21 უსაფრთხო არ არის. გამოიკვეთა ნორმების გადაჭარბება, ეს სათამაშოები ბავშვებისთვის არის მავნე. კვლევა ყველა პარამეტრზე არ განხორციელებულა, შემოწმდა ფტალატების შემადგენლობა. სამწუხაროდ, არ არსებობს ქვეყანაში ნორმები, რომელიც დაარეგულირებს სათამაშოების ხარისხს და არც მაკონტროლებელია, რომელიც ამას შეამოწმებს. სავალალო მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.
თავის მხრივ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კონფერენციის “უსაფრთხო სათამაშო: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები” გახსნამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღემდე არ არსებობს არანაირი რეგულაცია ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით.
“კამპანია ორი მიმართულებით მუშაობს: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და მეორე – არანაირი რეგულაცია არ არსებობს ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას, რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სახელმწიფომ დროულად განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები, რომ ასეთი რეგულაციები არსებობდეს. სახელმწიფოს ვადა 2019 წლამდე აქვს. 2019 წელს უნდა იყოს მზად ყველანაირი რეგულაცია, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნაა. იმედი მაქვს, დირექტივას მომზადებული შევხვდებით”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე სახელმწიფოს მხრიდან დადებითი რეაგირება მოხდა, თუმცა დღემდე ბევრი რამ არ არის გაკეთებული, ის მინიმალური პირობები, რაც უნდა შესრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები