თენგიზ ფხალაძე – პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად აქტუალურია თანამედროვე საქართველოს საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის

გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს რომში, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში – დელეგაციასთან ერთად შეხვდება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე.
პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ბოლო ოფიციალური ვიზიტი შედგა იტალიაში.
“ეს ვიზიტი უაღრესად აქტუალურია, თანამედროვე საქართველოს საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგისათვის – ეს არის ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მომავალი ბრიუსელის სამიტისა და შემდგომში ნატო-ს სამიტის ფონზე”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
შეხვედრებზე განიხილება ასევე, საქართველოს როლი ზოგადად ევროპის კეთილდღეობაში, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლისათვის TAP-ის პროექტის დასრულება იგეგმება, სადაც საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია.
იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან პიეტრო გრასოსთან.
გიორგი მარგველაშვილი რომში ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას წაიკითხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები