მცირე და საშუალო ბიზნესი ფინანსური ანგარიშგების გამარტივებულ, საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის

საქართველოში ბიზნესის საქმიანობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო მეტად უახლოვდება. რეფორმა, რომელიც IFRS for SMEs-ის (მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი)  სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს შეეხება, ანუ კომპანიებს,  რომელთა წლიური ბრუნვა 2 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდეა,  აქტივები – მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე, ხოლო კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა – 10-დან  250-მდე.

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. კერძოდ, კომპანიებისთვის გაუმჯობესდება წვდომა ფინანსურ რესურსებზე (სესხი/კაპიტალი), გაიზრდება ნდობა მათი შედეგებისადმი, გამარტივდება საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა და ამაღლდება კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი. ამას გარდა, კომპანიებისთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება შესადარისობა, ე.წ. „ბენჩმარკინგი”. აღსანიშნავია, რომ  ანგარიშგების ენა შესაძლოა იყოს ნებისმიერი და მისი ფორმა ისეა შედგენილი, რომ გასაგები იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის. (მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი მოქმედებს ევროპის ყველა ქვეყანაში, ასევე რუსეთში, ჩინეთში, ავსტრალიაში, კანადასა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.)

საქართველოში რეფორმის  განხორციელებაზე პასუხისმგებელია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომლის  პარტნიორი თიბისი ბანკია.

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონი რომლის მიღება  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ გახდა აუცილებელი, კომპანიებს ავალდებულებს ანგარიშგებების წარდგენასა და გასაჯაროებას. ანგარიშგებების წარდგენა ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ანგარიშგებები და კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

რეფორმის მიზანია საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობის ზრდა და ევროკავშირის და მსოფლიოში წამყვანი პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა.

რეფორმის განხორციელება კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს და მათ  ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.

გაუმჯობესებული ანგარიშგების ხარისხი მცირე და საშუალო კომპანიებს საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის უფრო ეფექტურად წარმართვაში დაეხმარება. კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება ბანკთან კომუნიკაციისას კომპანიის სანდოობას გაზრდის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს დააჩქარებს.

ბანკირისთვის, რომელიც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებას ახორციელებს, მნიშვნელოვნად გამარტივდება და ანალიზის პროცედურა ვადებში დაჩქარდება, ეს კი ანალიტიკოსს საშუალებას მისცემს კომპანიის რეალურ საქმიანობაზე, ინდუსტრიასა და სექტორის ანალიზზე დახარჯოს მეტი დრო.

იმისათვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა უმტკივნეულოდ შეძლონ ახალ სტანდარტებზე გადასვლა, თიბისი ბანკი მათ ინდივიდუალურ კონსულტაციებს და ჯგუფურ ტრენინგებს სთავაზობს. ნებისმიერი კომპანიის წარმომადგენლებს, მმართველ დირექტორებსა და ფინანსურ მენეჯერებს, შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ ტრენინგებს თიბისი ბიზნესის ახალ სივრცეში, რომელიც დეკემბერში გაიხსნება. ტრენინგებს ჩაატარებენ კვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც მონაწილეებს დეტალურად განუმარტავენ, თუ როგორ უნდა გახადონ თავიანთი კომპანიის ბიზნეს საქმიანობა უფრო გამჭვირვალე, კერძოდ, როგორ წარადგინონ და გაასაჯაროონ ანგარიშგებები კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული  დირექტივებისა და რეგულაციის საფუძველზე, 2016 წელს ამოქმედდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”  საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის საფუძველზე შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ორი ძირითადი მიმართულებით: საწარმოების ფინანსური, ასევე არაფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და აუდიტის სფეროს რეგულირება/ზედამხედველობა.

ახალი სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგება სავალდებულო ხდება 2018 წლის იანვრიდან. კანონის მოთხოვნების უგულვებელყოფის შემთხვევაში, ამოქმედდება შესაბამისი სანქციები, მათ შორის, წერილობითი გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა და მმართველობითი ორგანოს წევრისთვის ფუნქციების განხორციელების აკრძალვა.

ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივითა  და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც მიმდინარე რეფორმის განხილვა მოხდა. პრეზენტაციები წარადგინეს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ და Savvy Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები