გიორგი კვირიკაშვილი: დასრულდა ის ხანა, როდესაც სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას წარმატებულად ახერხებდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გუშინ თბილისის საკრებულოს წინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ჩვენი სახელმწიფო პატივს ცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს და სტაბილურობას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ,  ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა კანონის სრული დაცვით იმოქმედეს და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა.

„საკრებულოს წინ გუშინდელ ვნებათაღელვასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა – ყველამ ვიხილეთ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მოსახლეობამ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მთავარი მიზანია, არჩევნების წინ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე ხელს უშლის სტაბილურად და მშვიდობიანად არჩევნების ჩატარებას, თითქოს მათ აზრის გამოხატვაში ვინმე ხელს უშლის. ვფიქრობ, ეს სიცრუე ყველამ დაინახა. სამართალდამცველებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით და არ მისცეს პროვოკატორებს საშუალება, ჩაეშალათ საკრებულოს სხდომა. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, მის ძირითად უფლებებს. სტაბილურობას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ვერანაირი რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. ათასგვარი სიცრუე მოვისმინეთ გუშინ, დაწყებული იქიდან, რომ სხდომა დახურეს და ამ დროს სხდომის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა, დამთავრებული იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დედაქალაქისთვის მონათლონ დანაშაულად. ვფიქრობ, ეს სიცრუეც ყველამ დაინახა. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების მცდელობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ვერ ექნება. მინდა, მათაც კარგად იცოდნენ, რომ დასრულდა ის ხანა, როდესაც წარმატებულად ახერხებდნენ სიცრუით მოსახლეობის აზრის მართვას. სიცრუის და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ხანა ჩვენს ქვეყანაში დასრულდა 2012 წელს და ამ მონაპოვარს ჩვენ ძალიან საგულდაგულოდ გავუფრთხილდებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები