ირმა ინაშვილი: ამდენი წლის მანძილზე ვერ მოვახერხე საკუთარი ბინის ყიდვა

“პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერობის პირობებში მისი პრიორიტეტი წესიერება იქნება.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “ამომრჩევლის პირისპირ” ისაუბრა.
“არ არის აუცილებელი იყო თბილისის მერი და ყველა სამეურნეო საკითხის მოგვარებაში პირადად შენ იყო ჩართული. თბილისის მერი მართავს პოლიტიკას, ეყრდნობა თბილისის განვითარების პოლიტიკას და მართავს მიმართულებებს. მე სააკაშვილის რეჟიმის დროს ვიყავი დევნილი ჟურნალისტი და ვიდექი ქუჩაში. სხვათაშორის, დღესაც ქუჩაში ვდგავარ. მე არ მიმუშავია მინისტრად, ან მინისტრის მოადგილედ, მაგრამ ყველას ვარწმუნებ, რომ ვიქნები ძალიან კარგი თბილისის მერი, იმიტომ რომ მეყოლება წესიერი, კომპეტენტური გუნდი ვიცე-მერების სახით. სამწუხაროდ, მე ვერ დავასახელებ ახლა იმ ადამიანებს, იმიტომ რომ ბევრ დარტყმებს მიიღებენ, მაგრამ ჩვენ, ვიცე-მერებთან ერთად შევასრულებთ ჩვენს მთავარ ფუნქციას. წესიერებაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. მე 47 წლის ვარ და მე არ მაქვს ჩემი საკუთარი საცხოვრებელი ბინა, მე ამდენი წლის მანძილზე ვერ მოვახერხე ჩემი საკუთარი, საცხოვრებელი ბინის ყიდვა და ვატყობ, კიდევ ვერ მოვახერხებ. წესიერება და ის, რომ არ მოიპარო ბიუჯეტის ფული, ჩემთვის არის მთავარი კრიტერიუმი, ქალაქის მართვა იქნება, ქვეყნის მართვა თუ პარლამენტში ყოფნა”, – განაცხადა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები