„გულის მეორე მხარე“ – კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართება

10 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ფილმის – „გულის მეორე მხარე“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან აცნობეს, ეს ფილმი ნაწილია პროექტისა „მე-20 საუკუნის უკვდავი ქართული მუსიკა“. პირველი დოკუმენტური ფილმი ღვაწლმოსილ კომპოზიტორს – ნუნუ დუღაშვილს ეძღვნება.
ფილმის ავტორია თათია პაჭკორია.
„ამ ფილმში მე და ჩემმა მეგობრებმა გული ჩავდეთ, ფინანსები არ გვიძებნია. რა თქმა უნდა, ეს სწორი არ არის, მაგრამ ეს ფილმი ჩემი თაობის უანგარო საჩუქარია ჩემთვის უსაყვარლესი კომპოზიტორისადმი. ეს გახლავთ ჩემი დაგვიანებული მადლობა იმ  ბედნიერების ჟრუანტელისთვის, რომელიც მისი შემოქმედებისგან მიმიღია“… – განუცხადა „კვირას“ თათია პაჭკორიამ.
ფილმის ავტორმა თათია პაჭკორიამ პროექტზე „მე- 20 საუკუნის უკვდავი მუსიკა“ მუშაობა 3 წლის წინ დაიწყო, თუმცა ისე მოხდა, რომ მისი განხორციელება მაშინვე ვერ მოხერხდა.
„გულის მეორე მხარე“ – ნუნუ დუღაშვილი“ ამ პროექტის პირველი დოკუმენტური ფილმია.

თათია პაჭკორია:
„მოგეხსენებათ, გულის „წინა მხარე“ ეკუთვნის ჩვენს ოჯახებს, შვილებს, მეუღლეებს და ახლობლებს, ხოლო გულის მეორე მხარე უჭირავს მთლიანად ჩვენს პროფესიას, რომელმაც სწორედ ჩვენი ახლობლების ბედნიერება, სულიერი სიმშვიდე და თუნდაც ფინანსური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. პროექტის მიზანია, ეპოქალური ადამიანები ყოველგვარი შელამაზების გარეშე მაყურებელს დაანახოს საკუთარ პროფესიაში, როგორ და ვისთან ერთად ქმნიდნენ ისინი დაუვიწყარ მელოდიებს, როგორ ყალიბდებოდა მათი პიროვნული და პროფესიული იმიჯი და რაც მთავარია, როგორია მათი ცხოვრება დღეს. ფილმის ხიბლი ის გახლავთ, რომ მისი ყველა სეგმენტი – იქნება ეს ინტერვიუ, რეპეტიცია თუ ინტერმედია, გადაღებულია ერთ დუბლში.
რაც შეეხება ფილმის მთავარ გმირს, ის ისეთივე ნიჭიერი აღმოჩნდა რესპონდენტის როლში, როგორც მუსიკაშია. ხისტი ხასიათის მიუხედავად, მაქსიმალურად ცდილობდა გაეთვალისწინებინა რეჟისორს მოთხოვნები და ერთ დუბლში ახერხებდა ყველა მიზანსცენის შესრულებას.
ფილმზე მუშაობა 3 წლის წინ დავიწყეთ, თუმცა არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს იქნებოდა უნიკალური დოკუმენტური მასალა გაბნეული სხვადასხვა „ვინჩესტერზე“, რომ არა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე და ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ხათუნა კაჭარავა.
ბატონი მამუკა დაგვეხმარა ფილმის დასრულებისთვის საჭირო ყველა რუტინული სამუშაოს შესრულებაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თეიმურაზ ფაფერაშვილის სატელევიზიო სახელოსნოს აღზრდილებს: ნათია კვინჩილაძეს, რუსუდან სუხიაშვილს და მარიამ მოსეშვილს. დანარჩენს კი ფილმის წარდგენის დროს მოგიყვებით. ვფიქრობ, ქართული ტრადიციული სიმღერის მოყვარულებს დიდი სიამოვნება ელით. მომავალი თაობის რეჟისორები კი იმედია, უფრო კარგი ხარისხის აპარატურით და გაცილებით დიდი ფინანსური რესურსით უკეთეს ფილმებს შექმნიან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები