“სად იმყოფება სოსო ოხანაშვილი და როგორ კეთდებოდა ფარული ჩანაწერები საპატრიარქოში”

სად იმყოფება სოსო ოხანაშვილი და როგორ კეთდებოდა ფარული ჩანაწერები საპატრიარქოში, – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგში იმყოფება. სანკტ-პეტერბურგში იმყოფება პაატა ბურჭულაძეც. სტატიის ავტორი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ გარემოება უბრალო დამთხვევა არ იყოს. სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგში იმყოფება. სწორედ იქ, სადაც პოლიტიკაში გაბანკროტებული პაატა ბურჭულაძე საპენსიო წლებს ატარებს. მსოფლიო ბანის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე უკვე აღძრა. უფრო ზუსტად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. სოსო ოხანაშვილი „ციანიდის საქმეში” ფიგურირებს. მართალია, მისთვის პროკურატურას ბრალი არ წაუყენებია, მაგრამ მის მიმართ სერიოზული კითხვები არსებობს. შესაძლოა, შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ოხანაშვილი ევროპაში არ დარჩა და რუსეთისკენ გადაინაცვლა. რა ურთიერთობები ჰქონდათ ადრე მათ, ძნელი სათქმელია, ყოველ შემთხვევაში „პრაიმტაიმის“ წყაროები ადასტურებენ, რომ ერთმანეთს იცნობდნენ – ბოლოს და ბოლოს, პაატა ბურჭულაძე მახათის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდს ხელმძღვანელობდა. სტატუსი პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ შეუჩერეს. თუმცა, როგორც სხვადასხვა წყაროები მიუთითებდნენ, საქმე პოლიტიკას კი არა, ფინანსებს ეხებოდა – ბურჭულაძეს სურდა, ფონდის თანხები პოლიტიკაში დაეხარჯა.
ასეა თუ ისე, იცნობდნენ ისინი ერთმანეთს თუ არა, დღეს მათ საერთო „მტერი“ ჰყავთ. ბურჭულაძემ არჩევნები წააგო, ოხანაშვილმა – „ციანიდის პარტია“. ხელისუფლებაზე ორივენი გაბრაზებულია. შესაძლოა, ეს მხოლოდ დამთხვევაა. თუმცა, როგორც იტყვიან, პოლიტიკაში შემთხვევითობა რთული დასაჯერებელია. ერთ-ერთი ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგში იმყოფება. რატომ გადაინაცვლა ევროპიდან რუსეთისკენ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა? ეს, რა თქმა უნდა, კითხვებთან ერთად, სერიოზულ ეჭვებსაც აღძრავს“, -წერს „პრაიმ ტაიმი“.
არჩილ გამზარდიას შეფასებით, როგორც ჩანს, ოხანაშვილი სწორედ რუსეთში გრძნობს თავს დაცულად და კომფორტულად. „ციანიდის საქმის” მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის განმარტებით, მან შესაძლოა, პატრონები შეიცვალა: „ადრე მას ახალაიები მფარველობდნენ, ახლა კი შეიძლება პატრონიც გამოიცვალა და რუსეთისკენ ამიტომაც გადაინაცვლა“, – აცხადებს მამალაძე. როგორც გამოცემა წერს, საინტერესოა, რომ სოსო ოხანაშვილმა ევროპაში თავშესაფარი არ მოითხოვა. ამაზე ყურადღებას „ციანიდის საქმის” მთავარი მოწმეც ამახვილებს: „და მართლაც, თუკი პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი მიიჩნევს, რომ მას დევნიან და უსამართლოდ ექცევიან, რატომ არ მოითხოვა ევროპაში პოლიტიკური თავშესაფარი? ამის ნაცვლად რუსეთში წავიდა. ქვეყანაში, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ქართულ ეკლესიაში გავლენების შენარჩუნებით“, – აცხადებს მთავარი მოწმე.
„საინტერესო ტენდენციაა. სხვათა შორის, როცა ირაკლი ოქრუაშვილის ერთ-ერთი მოადგილე საქართველოდან გაიქცა, საიდუმლო მასალები, როგორც მოგვიანებით მაშინდელმა ხელისუფლებამ განაცხადა, მოსკოვს მიჰყიდა. უფრო ადრე მოსკოვს აფარებდა თავს ზვიად გამსახურდიას ქვრივი მცირეწლოვანი შვილებით. მოგვიანებით კი იგორ გიორგაძის პარტიას წარმოადგენდა საქართველოში ირინა სარიშვილიც. როგორც ერთი, ისე მეორე, თავის დროზე მეუღლის ტრაგიკულ მკვლელობაში სწორედ მოსკოვს ადანაშაულებდა“, – წერს გამოცემა.
არჩილ გამზარდიას შეფასებით, რუსეთი ყოველთვის თამაშობდა დაპირისპირებებზე. შევარდნაძის დროს ის გამსახურდიასაც ეხმარებოდა და შევარდნაძესაც, მოგვიანებით კი სააკაშვილს დაეხმარა. როგორც გამოცემა წერს, ოხანაშვილის რუსეთში ყოფნა, სავარაუდოდ, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ „თამაში“ ჯერ არ დასრულებულა. მამალაძის თქმით, მას დიპლომატიური პასპორტი, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, შეუჩერდა და ის 90 დღეზე მეტ ხანს ევროპაში ვერ გაჩერდებოდა, არც თავშესაფარი მოითხოვა და სანკტ-პეტერბურგში წავიდა. ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ სერიოზული კომპრომატები თავად ოხანაშვილის წინააღმდეგაც არის.
„რა თქმა უნდა, ოხანაშვილის წინააღმდეგაც სერიოზული კომპრომატები არსებობს… ცა ჩამოიქცა, თუმცა ქუხილი ჯერ არ ყოფილა“, – აცხადებს მამალაძე. „ციანიდის საქმის” მთავარი მოწმის დაკვირვებით, საპატრიარქოში სინოდს გავლენებში პატრიარქის დაცვა ეცილებოდა. ოხანაშვილმა იმ დროისთვის დაცვას დაფინანსებაც გაუზარდა და კადრებიც.
„რა თქმა უნდა, დაცვა სინოდს გავლენებისთვის ეცილებოდა და ბრძოლაც სწორედ აქედან დაიწყო… „ციანიდის საქმის” ფიგურანტებს ჰქონდათ თუ არა გეგმა „ბ“? რას აპირებდნენ ოპერაციის ჩავარდნის შემთხვევაში არ ვიცი, თუმცა, ფაქტია, რომ ყველაზე მომზადებული ამ ამბავს მაინც მეუფე პეტრე შეხვდა, ოხანაშვილი კი უფრო დაბნეული ჩანდა. ესეც გასაგებია, „ციანიდის” სისხლიანი გეგმა სწორედ მისი იდეაა, ამიტომაც გასაგებია, რომ მან საქართველო დატოვა. სხვათა შორის, საინტერესო ფიგურად იკვეთება ტარას შავშიშვილი, რომელიც, ასევე, მომზადებული შეხვდა მამა გიორგი მამალაძის დაკავებას. მინდა გითხრათ, რომ სწორედ მისი დაწერილია ყველა ის წერილი, რომელსაც ვითომ დაკავებული დეკანოზი ციხიდან გზავნის ხოლმე. მეტიც, ერთ-ერთ სატელევიზიო არხს სწორედ მან მიაწოდა წერილი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მამა გიორგი მამალაძე თითქოს ფინანსურ და ქონებრივ საკითხებს იკვლევდა პატრიარქის დავალებით საპატრიარქოში და ციხეშიც სწორედ ამიტომ მოხვდა.
ახლა ოხანაშვილი, სავარაუდოდ, პეტერბურგშია და საქართველოში მას შავშიშვილი ეხმარება, – ამბობს ირაკლი მამალაძე. რამდენიმე დღის წინ ფარულ ჩანაწერებს სთავაზობდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებებს, მათ შორის „პრაიმტაიმსაც“. ანონიმური წყარო აცხადებდა, რომ ილია მეორესთან რამდენიმე მეუფის საუბარი ფარულად მეუფე გერასიმემ ჩაიწერა. მამალაძის განმარტებით, სწორედ ოხანაშვილი და შავშიშვილი იყვნენ დაკავებული ფარული ჩაწერებით.
„ოხანაშვილს უფრო პირადი სახის ჩანაწერები და კომპრომატები აინტერესებდა, შავშიშვილი კი უფრო სხვა სახის ჩანაწერების გაკეთებით იყო დაკავებული. ჩამწერი ხშირ შემთხვევაში კალამში იყო ხოლმე ჩამონტაჟებული, ან სამაჯურში, რომელსაც პატრიარქს უკეთებდნენ, ან დაცვის ჰალსტუხზე“, -აცხადებს მამალაძე.
„ციანიდის საქმის” მთავარი მოწმე გამოძიების გაგრძელებას ელოდება. საქმე, რომელიც პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციას ეხება, ცალკეა გამოყოფილი. ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ გამოძიება სხვა ქვეყნების ჩართულობით, მათ შორის უკრაინის, მიმდინარეობს. არჩილ გამზარდიას კი შეკითხვები პროკურატურასთან აქვს: „არის ალბათობა და საკმაოდ დიდი, რომ პროკურატურა გარიგებულია იმ ჯგუფთან, რომელიც პრაქტიკულად დანაშაულებრივად საქმიანობდა საპატრიარქოში, რომელ ჯგუფშიც შედიოდნენ – ირაკლი მამალაძე, გიორგი მამალაძე, იოსებ ოხანაშვილი, ტარას შავშიშვილი და ა.შ. ასევე, ჯერ არგამოვლენილი მღვდელმთავრები. ნამდვილად ლეგალურად მიმაჩნია მსჯელობა იმაზე, რომ პროკურორების მიმართ არსებობს კითხვები და შესაძლოა, მოსათხოვია, რომ ძიების პროცესი ხელახლაა საწარმოებელი სხვა პროკურორების მიერ. ასევე, მოსათხოვია ე.წ. ნეიტრალური არბიტრის, უცხოელი გამომძიებლების ჩართვაც“, -აცხადებს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები