თბილისის მერიამ კიდევ 3 ელექტრომობილის მფლობელზე უფასო პარკირების ნებართვა გასცა

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა კიდევ 3 ელექტრომობილის მფლობელზე უფასო პარკირების ნებართვა გასცა. 9 თვის მონაცემებით, თბილისში ასეთი საბუთი უკვე 106 სატრანსპორტო საშუალების მეპატრონეს გადაეცა.
თბილისის მერია 4 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე ელექტრომობილების მფლობელებზე უფასო პარკირების ნებართვებს მიმდინარე წლის იანვრიდან გასცემს. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრემ განცხადებით ტრანსპორტის სამსახურს უნდა მიმართოს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარმოადგინოს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს „სი-თი პარკს“ გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ.
მერიამ და საკრებულომ ელექტრომობილების პარკირების საფასურის გადახდისგან ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის მფლობელები წასახალისებლად გაათავისუფლა. ამავე მიზნით, შარშან შემოდგომაზე დედაქალაქის ორ წერტილში მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე ელექტროძრავიანი ავტომობილების დასამუხტი პუნქტები მოეწყო. გასული წლის მონაცემებით, საქართველოში, დაახლოებით, 50 ელექტრომობილი მოძრაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები