სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა ყოველწლიური „დასაქმების ფორუმი” 2017 გაიმართება
„6 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ყოველწლიური „დასაქმების ფორუმი“ გაიმართება, რომელსაც მიმდინარე წელს თსუ უმასპინძლებს”,-ამის შესახებ ინფორმაციას განათლების საერთაშორისო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, „დასაქმების ფორუმის“ ფორმატი ითვალისწინებს სტიპენდიანტთა პრეზენტაციებს, რომლის ფარგლებში, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გააცნონ მათ მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსები.
„ფორუმს ცენტრის ის 40-მდე კურსდამთავრებული დაესწრება, რომელიც სხვადასხვა სფეროში წარმატებით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას და ასევე სურს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა. ცენტრის მიზანია, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ფორუმის მეშვეობით, ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა და უნივერსიტეტების კოლაბორაციას, ახალგაზრდა პროფესიონალების ჩაბმას ინოვაციურ, კვლევით, სასწავლო პროცესებში საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციისათვის. „დასაქმების ფორუმის“ ფორმატი ითვალისწინებს სტიპენდიანტთა პრეზენტაციებს, რომლის ფარგლებში კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, უნივერსიტეტების წარმომადგენლებს გააცნონ მათ მიერ შეთავაზებული სასწავლო კურსები. კერძოდ, ფორუმზე იგეგმება საპრეზენტაციო პანელების ორგანიზება შემდეგ სფეროებში:
• პოლიტიკური მეცნიერებები და საერთშორისო ურთიერთობები;
• ბიზნესი და ეკონომიკა;
• საჯარო მმართველობა და მენეჯმენტი;
• ჰუმანიტარული მეცნიერებები;
• სამართალ.
ფორუმს, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრებიან, რომლებიც შეძლებენ ცენტრის სტიპენდიანტების, როგორც მომავალი ლექტორების, ობიექტურ და კრიტიკულ შეფასებას. ღონისძიების ბოლოს განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამას გამოაცხადებს. მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება ექნებათ ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, მოიპოვეს დაფინანსება და დაასრულეს სწავლა. პროგრამის ფარგლებში, ცენტრის კურსდამთავრებულებმა შეიძლება ინდივიდუალური და ერთობლივი პროექტები წარადგინონ. განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-17 წლებში 482 სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს”,- ნათქვამია განცხადებაში.
სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური