გიორგი ზურაბაშვილი შონ ო’ფარელს შეხვდა
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, შონ ო’ფარელთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. მხარეებმა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესსა და ნოემბერში ქალაქ ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის მოლოდინებზე ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას დაეთმო.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მიმართ ირლანდიის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და მზაობა გამოხატა, ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას.