კონტროლის პალატა ოზურგეთის ყოფილ გამგებელს სახელმწიფო ქონების ფლანგვას ედავება (ვიდეო)

ოზურგეთის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული კოტე შარაშენიძეც იბრძვის, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტი 2012–13 წლებში უკვე ეკავა.
მისი საქმიანობის პერიოდის შესწავლის შემდეგ კონტროლის პალატამ საგანგაშო (ყოფილი გამგებლისთვის) დასკვნა დადო, სადაც მილიონობით ლარის კანონდარღვევით ხარჯვაზეა საუბარი.
იმის გათვალისწინებით, რომ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არც უნახავს თვალით შარაშენიძეს, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აუდიტის დასკვნითაც არ დაინტერესებულა, რომელშიც სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.
მაგალითისთვის, ბიუჯეტის ფულით კოტე შარაშენიძემ 145 000 ლარიანი გრეიდერი იყიდა, რომელიც შპს „ტექნოსერვისს“ გადაულოცა და მანამდე საბაზრო ღირებულებით მიღებულ მომსახურებაზე ბიუჯეტიდან უფრო ძვირად აძლევდა შეკვეთებს ბიუჯეტითვე ნაყიდ გრეიდერს. ეს ფაქტი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
ასობით ათასი ლარის ზედმეტად გადახდილი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალებში. მაგალითად: 30 ლარიანი ღორღი შარაშენიძეს 48 ლარად შეუძენია – ჯამურმა ულუფამ გამგებლის ჯიბეში 35 000 ლარი შეადგინა. მადა ჭამაში მოდის და – ამის შემდეგ 3 ლარიანი ქვიშა–ხრეშოვანი ნაზავი, თითო კუბური მეტრი, 27,37 ლარად იყიდა. აქ ჯიბის ფულიც გაიზარდა – 55 000 ლარი. შემდეგ მოჰყვა ამას 12 ლარიანი ასფალტის 16 ლარად დაგება; 1000 ლარიანი ბიტუმის 1500 ლარად შეძენა; 15 ლარიანი მეტალოკრამიტის 21 ლარად ყიდვა, 15 ლარიანი შიფერის – 20 ლარად… მხოლოდ ამ ჩამონათვალში ბიუჯეტმა ასობით ათასი ლარი იზარალა. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და, ზარალიც მეორე მხრიდან ხეირს ნიშნავს, ოღონდ გამგებლისთვის, და არა გადასახადების გადამხდელებისთვის.
შარაშენიძე „დიდი ყურადღებით“ მოეკიდა ადგილობრივ მედიასაც, რომელიც მისი საქმიანობით და უსაქმობით დაინტერესდა – „გურიის მოამბის“ რედაქტორს ლადო მენაბდეს რედაქციის შენობის წართმევით დაემუქრა. ის რედაქტორს პირადადაც შეხვდა ამ საკითხზე სასაუბროდ, როდესაც მყარი გარანტია მისცა იმის, რომ ღია ცის ქვეშ დატოვებდა.
არც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი და რედაქცია გამორჩა შარაშენიძეს. გამოცემის ჟურნალისტს ჟანა მეგრელიშვილს მაშინდელმა გამგებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, უშვერი სიტყვებით აგინა. გამგებელი ჟურნალისტის კითხვებმა გააღიზიანა, რომლებიც სოფლის პროექტების დაფინანსებას ეხებოდა. ამ ჩანაწერს ინტერნეტ სივრცეშიც ნახავთ: https://www.youtube.com/watch?v=uz45n9L8eDk.
ამ ყველაფრის და კიდევ ბევრი რამის შემდეგ დრო გავიდა – დღეს შარაშენიძე ისევ საარჩევნო მარათონშია. მისი უახლესი პოლიტიკური ისტორიიდან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ისტებლიშმენტის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნაცმოძრაობის ამომრჩევლის რაოდენობა საეჭვო უნდა იყოს მისი იმედებისთვის. ასე რომ, პოლიტიკური „ღამურა“ უახლოესი გარემოცვიდან, ან ძველ ნადავლგაყოფილი პარტნიორებიდან უნდა ელოდოს ხმებს, რაც ძალიან ცოტა უნდა იყოს ოზურგეთელების უმრავლესობის ინტერესების დასაძლევად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები