პოლონეთში დღესასწაული – „თბილისური შემოდგომა ვარშავაში” გაიმართა

პოლონეთში, მდინარე ვისლას ბულვარში საქართველოს დედაქალაქის დღესასწაული – „თბილისური შემოდგომა ვარშავაში” გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურულ-კულინარიული ხასიათის ღონისძიებები მოეწყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია დარჩიაშვილმა მიმართა.
ღონისძიებაზე Tbilisi Big Band-ის სოლისტების კონცერტი გაიმართა. ქართული მხატვრული ნაწარმოებები პორტალ Kaukaz.pl-ის რედაქტორმა თამარ გელაშვილმა წაიკითხა. ცნობილმა პოლონელმა მსახიობმა, მწერალმა და ჟურნალისტმა კატარჟინა პაკოშინსკამ, საკუთარი წიგნების „გეორგიალიკი” და „სამარადისო” მიხედვით საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა და ტრადიციებზე ისაუბრა. პოლონეთში მოღვაწე „პოლონეთის რადიოს თეატრის” ქართველმა ლაურეატმა, ოთარ სარალიძემ და პიანისტმა თინათინ სარალიძემ დღესასწაული მუსიკალურად გააფორმეს.
დღესასწაულის ფარგლებში საქართველოს შესახებ შექმნილი ვიდეორგოლებისა და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა, ასევე ქართული ეროვნული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
ღონისძიების ფარგლებში, ქართული სამზარეულოსა და პროდუქციის სადეგუსტაციო კუთხეები მოეწყო, სადაც ვარშავის მოსახლეობას საშუალება ჰქონდათ ქართული კერძები და ღვინო დაეგემოვნებინათ.
„თბილისური შემოდგომა ვარშავაში” საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და თბილისის მერიის დაფინანსებით მოეწყო. ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და ვარშავის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები