ბელა ჩეკურიშვილის ახალი პოეტური კრებულის – „სიშიშვლის დეტექტორის“ პრეზენტაცია გაიმართება

8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბელა ჩეკურიშვილის ახალი პოეტური კრებულის – „სიშიშვლის დეტექტორის“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ თავად ავტორმა განუცხადა, „სიშიშვლის დეტექტორი“ მისი მეხუთე პოეტური კრებულია. მათგან ერთი – Wir, die Apfelbäume („ჩვენ, ვაშლის ხეები“) გერმანულ ენაზე გერმანიაში 2016 წელს გამოიცა .ახალ კრებულში შესული ლექსები ბოლო ხუთი წლის განმავლობაშია დაიწერა.
„წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება. თითოეული ეს ნაწილი ერთგვარი თემატური ნიშნითაა შედგენილი, თუმცა ამგვარი დანაწილება პირობითია, რადგან ეს ერთი პოეტის თვალით დანახული და სიტყვით გადმოცემული სამყაროა – მთლიანი და მრავალფეროვანი.
ესაა ამბები თანამედროვე ადამიანის შესახებ, რომელიც თითქმის სულ ცაიტნოტშია, მუდამ გზაშია და ამ გზიდან გაჰყურებს მისთვის ძვირფასსა და მნიშვნელოვანს.
ლექსების დრამატურგიულ აგებულებას ერთი საერთო ნიშანი გამოარჩევს: ლექსის სათქმელი მის დასაწყისშივეა მონიშნული. მერე, სტრიქონებში გამეორებების და ვარიაციების მეშვეობით, განცდის ინტენსივობა უფრო და უფრო მატულობს და, სასურველი ნიშნულის მიღწევის შემდეგ, ლოგიკური (ხშირად – მოულოდნელი) ფინალით სრულდება.
წიგნში დომინანტი ფერი მუქი წითელია. მასში ბევრი რამ იგულისხმება: წარსული, ოჯახი, ბავშვობა, ქვეყანა და ადამიანები; სიყვარული, ფიქრები და იმედგაცრუება… და ამ ყველაფერს თან ახლავს ერთგვარი ნოსტალგია – ისიც მეწამულად შეფერილი, მკვეთრი და თანამდევი – ლექსების უმრავლესობა ხომ პოეტის უცხოეთში ცხოვრების პერიოდშია შექმნილი“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
კრებული „ინტელექტმა“  გამოსცა და წარდგინებას წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები