“თბილისის მერობის არც ერთ კანდიდატს სამართლიანობის აღდგენისა და სისტემური დანაშაულებების საქმეებზე, სადაც მერია მხარეა, პოზიცია არ გააჩნია”

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთა საარჩევნო პროგრამები და მათი საჯარო განცხადებები შეისწავლა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ არც ერთი კანდიდატის საარჩევნო დაპირება არ შეიცავს სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებულ მიდგომებს და სისტემური დანაშაულებების საქმეებზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი პოზიციის გადახედვის შესაძლებლობას, რაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, უკიდურესად შემაშფოთებელი გარემოებაა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ია გოგნაძის განცხადებით, საერთო სასამართლოებში ათობით საქმე განიხილება, რომელიც ეხება 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში ქონებების უკანონოდ გადაფორმების და ჩამორთმევის საქმეებს, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მხარეა. ორგანიზაციის შეფასებით, სისტემური დანაშაულის ყველა საქმეზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სადავოდ გამხდარი აქტებისა თუ გარემოებების მიმართ, წინა ხელისუფლების პოლიტიკურ -სამართლოებრივ პოზიციას აგრძელებს.
„სამწუხაროდ, უცნობია სტატისტიკა, თუ რამდენ ასეთ საქმეზე იქნა მიღწეული დაზარალებულებთან მორიგების შესაძლებლობა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში, მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივ პოზიციას ის იურისტები წარმოადგენენ, რომლებსაც წარსულში შემხებლობა გააჩნდათ ასეთი ტიპის საქმეების წარმოებასთან. შესაბამისად, მათი დამოკიდებულება სასამართლო დარბაზებში სამართლიანობის აღდგენისთვის მებრძოლი ადამიანების მიმართ, ხშირად არაზომიერი, შეურაცხმყოფელი და ცინიკურია, რაც კრიტიკას ვეღარ უძლებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის რეგისტრირებული 14 კანდიდატის მხრიდან არ მომხდარა სამართლიანობის აღდგენის პროცესში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მომავალი როლის განსაზღვრა და მასზე საუბარი. კანდიდატების საარჩევნო პროგრამები და დაპირებები, ძირითადად სოციალური -ეკონომიკური ცვლილებების საკითხს უკავშირდება, რომელსაც, მათი განცხადებით, აგრეთვე არ გააჩნია სწორი სამართლებრივი დასკვნები და საფუძვლები. ჭარბობს პოლიტიკური დემაგოგია და ნაკლებად ორიენტირებულია მოსახლეობის რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე.
„ორგანიზაცია ცალკე ყურადღებას დაუთმობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მომავალ პოლიტიკურ-სამართლებრივ პოზიციას და მერობის ყველა კანდიდატს მიმართავს, საჯარო გახადოს მათი დამოკიდებულებები, თუ როგორი იქნება თბილისის მერიის პოზიცია საერთო სასამართლოებში მიმდინარე სისტემური დანაშაულის საქმეებზე; როგორ ხედავს მუნიციპალიტეტი დავების მორიგებით დასრულების შესაძლებლობას, შეიცვლება თუ არა მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახური ახალი კვალიფიციური და მიუკერძოებელი კადრებით, გეგმავს თუ არა თბილისის მომავალი მერი კანდიდატებიდან რეალური ღონისძიებები გაატაროს წარსულში ჩადენილი დანაშაულებების საქმეებზე დაზარალებულებთან დიალოგისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით, წარმოებული დავების დასრულების მიმართულებით.
ცნობისთვის: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 2 ოქტომბრის რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად წარმოდგენილია 14 პირი, მათ შორის ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები