გურამ დოჩანაშვილის რომანის მიხედვით, ზაზა მარჯანიშვილის მუსიკალური ვარიაციები შესრულდება
14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ შთაგონებით, ზაზა მარჯანიშვილის მიერ შექმნილი მუსიკალური ვარიაციები შესრულდება.
მუსიკალური ვარიაციები – უძღები შვილის დაბრუნების სამარადისო თემაზე…
„მაღლა დადგომა მოუნდა, ოხერს, თავისი ჭკუით კლდეს აუყვა და ვინ ბრიყვმა თქვა, რომ ქვეყნად სწორედ იმდენი დაღმართია, რამდენიც აღმართი – არა, აღმართი ცოტაა, ძმებო დაღმართია ბევრი…
დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო“…
მონაწილეობენ მსახიობები: მიხეილ გომიაშვილი, ნანა შონია. სოლისტები – თეა დემურიშვილი (მეცო სოპრანო), ოთარ ჯორჯიკია (ტენორი), ირინა თაბორიძე (სოპრანო), მარიამ როინიშვილი (სოპრანო), გიორგი წამალაშვილი (ბარიტონი), გიორგი დავითაძე (ტენორი).
დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი (ნიკოლოზ რაჭველი), აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა (ზვიად ბოლქვაძე). მხატვარი შოთა გლურჯიძე. მუსიკის ავტორია საქართველოსა და აშშ-ში მოღვაწე კომპოზიტორი, პროდიუსერი ზაზა მარჯანიშვილი.
როგორც „კვირას“ პროექტის ხელმძღვანელმა მარინა სალუქვაძემ განუცხადა, ეს იქნება ვიდეოარტით გაფორმებული მუსიკა, ანუ საათნახევრის განმავლობაში ეკრანი დაეთმობა ზაზა მარჯანიშვილის მიერ დანახულ „სამოსელ პირველს“, რომელიც შოთა გლურჯიძის ნახატები იქნება გამდიდრებული.
– ზაზა მარჯანიშვილის მეუღლე ბრძანდებით. ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ზაზამ აღნიშნა, რომ „სამოსელ პირველზე“ ფიქრი ბავშვობიდან დაიწყო… ანუ ბავშვობის შთაბეჭდილებით დაიბადა მუსიკის შექმნის იდეა?
– ზაზა „სამოსელ პირველს“ საერო ბიბლიას ეძახის. მაშინათვე სულ ფიქრობდა ამ ნაწარმოებზე, მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევდა ეს წიგნი, ძალიან ბევრი რაღაც, დამთხვევები მოხდა მის ცხოვრებაში და, 1994 წელს პირველად გაუჩნდა მუსიკის შექმნის სურვილი. შემდეგ ზაზა 20 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. იქიდან გამოუგზავნა ბატონ გურამ დოჩანაშვილს რამდენიმე კომპოზიცია, ეს იყო ანა მარიას, ტერეზას და ა. შ. მუსიკალური პორტრეტები.
ბატონ გურამს უზომოდ გაუხარდა და მოეწონა მუსიკა. მოძებნა ზაზას დედა და თავისი ხელმოწერით ყველა წიგნი გაუგზავნა ზაზას. დამეგობრდნენ, ოღონდ დისტანციაზე და როდესაც ზაზა უკვე საქართველოში დაბრუნდა, ბატონ გურამს ვესტუმრეთ. მან ძალიან მოკრძალებით ჰკითხა, თუ შეიძლება იმ ჩანაწერებსა და კომპოზიციებზე გავაგრძელოთ მუშაობაო. შემდეგ უკვე ზაზამ გადაწყვიტა, დაიწყო ამ ნაწარმოებზე ფიქრი და მუსიკის წერა.
შემდეგ იყო დიდი სურვილი ოპერიდან, რომ ეს დადგმა იქ განხორციელებულიყო. მოვიწვიეთ რეჟიროსი ლაშა ონიანი. ის იყო მართლა განსხვავებული სანახაობა, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა 180 მონაწილით, იყო არაჩვეულებრივი ლალი კანდელაკის ქორეოგრაფია და საოცარი შემსრულებლები.
ახლა, მუსიკალური ვარიაცები კეთდება აბსოლუტურად სხვა ფორმატით, ეს იქნება ამ ნაწარმოების საკონცერტო ვერსია, შესრულებული ვიდეოარტის თანხლებით, რასაც დაემატა რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები. პროდიუსერ თეონა ჯორბენაძესთან ერთად დავწერეთ ამ კონცერტის სცენარი. ამის გარდა, შეიქმნა ახალი ტექსტები არიებისთვის. ეს არ არის ის, რაც ერთი წლის წინ იხილა მაყურებელმა და მსმენელმა. ეს არის საკმაოდ უჩვეულო, განსხვავებული ფორმატი“, – განუცხადა „კვირას“ მარინა სალუქვაძემ.
2018 წელს იგეგმება პროექტის გატანა საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ზაზა მარჯანიშვილი 1997 წლიდან არის ამერიკის კომპოზიტორთა კავშირის (ASCAP) წევრი. 20-ზე მეტი ჰოლივუდის პროდუქციის მხატვრული ფილმის, სერიალების, დოკუმენტური ფილმებისა და სერიალების, თრეილერის მუსიკის ავტორი, მრავალი სპექტაკლის მუსიკის ავტორი, რომელიც დღესაც იდგმება ევროპასა და აშშ-ში. როგორც პროდიუსერმა, შექმნა 150-ზე მეტი ალბომი განსხვავებული მუსიკალური სტილისტიკით – ჯაზი, კლასიკა, სამბა, რეგეი, როკი, ალტერნატიული მუსიკა, ირლანდიური და ამერიკული ფოლკი, მედიტაციური მუსიკა და სხვა.
1986 წლიდან დღემდე ნიუ- ორლეანის, ლას ვეგასის, სან- ფრანცისკოს ნიუ -იორკის, ლოს- ანჯელლესის, ვენის, მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის მუსიკალური ფესტივალების საპატიო სტუმარია.