ოპერის თეატრსა და ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ხვალ, 15:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარკეებიან დარბაზში, პრესკონფერენცია გაიმართება და ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოპერის თეატრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის. მემორანდუმს ხელს მოაწერენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი – ბადრი მაისურაძე და ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი – თეონა იაშვილი.
ოფიციალურ ცერემონიას დაესწრებიან: საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციის წევრები და ეროვნული არქივის თანამშრომლები. მხარეები ისაუბრებენ დაგეგმილ პარტნიორობასა და საერთო მიზნებზე. მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული არქივი უზრუნველყოფს საოპერო და საბალეტო სპექტაკლების გადაღებას, ჩაწერილი მასალების შენახვას, დაცვას, გამოყენებას და მისი ასლების თეატრისთვის გადაცემას. ოპერის თეატრი კი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, არქივს გადასცემს სპექტაკლების აფიშებს, პროგრამებს, ყველა სხვა მედიამასალას, რაც ოპერის სახელმწიფო თეატრის უნიკალური საარქივო მასალის დაცულობას გაზრდის.
მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნულ არქივს, არქიტექტორ ლერი მეძმარიაშვილის ინიციატივითა და ოპერის თეატრის სახელით, გადაეცემა 1974-79 წლების თბილისის ოპერის თეატრის შენობის აღდგენა-რესტავრაციის სრული საარქივო მასალა (გეგმები, ნახაზები, კონცეფცია და სხვა დოკუმენტა​ცია). ეროვნული არქივის განახლებულ კოლექციაში პირველი ჩანაწერიც სწორედ ლერი მეძმარიაშვილის ინტერვიუ იქნება, ოპერის თეატრის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები