პრემიერმა „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა” გახსნა

თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი – „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
სავაჭრო ცენტრი, რომლის მშენებლობაში 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 400-მდე მაღაზიას მოიცავს. მთავრობის მეთაურმა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის “ჰუალინგ ჯგუფს”, ასევე, ჯგუფის დამფუძნებელს, მი ენჰუას მადლობა გადაუხადა. პრემიერის შეფასებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, პირდაპირი ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
“ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას წარმოადგენს. ჩვენ გვინდა და მზად ვართ, ავითვისოთ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების სრული პოტენციალი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მივესალმებით იმას, რომ უკანასკნელ თვეებში ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რაც, ვფიქრობთ, ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულებაა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან ასეთი ხელშეკრულება გააფორმა.
ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი და “ჰუალინგ ჯგუფის” პირველი მდივანი და გენერალური დირექტორი გუო სიან იანგი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები