ბათუმში საერთაშორისო ბიზნესფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2017“ გაიხსნა

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ციტრუსის მე-2 საერთაშორისო ბიზნესფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2017“ გაიხსნა, რომლის მიზანიც ადგილობრივი ციტრუსის პოპულარიზაცია და სარეალიზაციოდ ახალი ბაზრების ათვისებაა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ავთანდილ მესხიძემ. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ფორუმის მონაწილეების წინაშე გასული ციტრუსის სეზონის ანალიზითა და მომავალი გეგმებით წარდგა.
ფორუმის მსვლელობისას, პრეზენტაციები აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ციტრუსით დაინტერესებული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებმა გამართეს. საერთაშორისო ფორუმში მეციტრუსეობის დარგის 9 ქვეყნის 27 კომპანიის 34 წარმომადგენელი მონაწილეობდა. იმპორტიორებმა ბელორუსიიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ტაჯიკეთიდან ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერეს და ადგილზე ციტრუსის საექსპორტო სამზადისის ტექნოლოგიურ პროცესებს გაეცნენ.
ფორუმის ფარგლებში, სტუმრებმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ნაადრევი ჯიშის ციტრუსის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა. “ციტრუსის ფორუმი 2017“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები