ლევან დავითაშვილი: საქართველოს მასშტაბით, წელს 60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ველოდებით

ბათუმი საერთაშორისო ფორუმს, სახელწოდებით „ციტრუსის ექსპორტი 2017“ მასპინძლობს. ფორუმის მიზანი ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობა და ამ მიზნით კონკრეტული ექსპორტიორი კომპანიების დაინტერესების გაზრდაა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საქართველოს მასშტაბით, წელს 60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. მისივე თქმით, არასტანდარტული მანდარინის დაბინავების პრობლემასაც არ ელოდებიან.
„ველოდებით დაახლოებით იგივე მოსავალს, რაც გვქონდა გასულ წელს. საუბარია 60 ათას ტონა მანდარინის მოსავალზე, საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობთ, კარგი მოსავალია. თუ კლიმატი ხელს შეგვიწყობს, გვექნება ხარისხიანი მოსავალი, რაც არის იმის პირობა, რომ ფერმერები ხელსაყრელ პირობებში მოახდენენ პროდუქციის რეალიზებას. ასევე, აჭარის სოფლის მეორნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გადამამუშავებელი საწარმოებისთვის არის ხელშემწყობი პროგრამები და შესაბამისად, არასტანდარტული მანდარინის დაბინავების პრობლემასაც არ ველოდებით“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ბათუმს ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ლიტვიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან სტუმრობენ.
ციტრუსის ექსპორტისთვის პრიორიტეტული წელს სწორედ ეს მიმართულებები იქნება. ფორუმის დასკვნით ნაწილში შემაჯამებელი დისკუსია გაიმართება, ადგილობრივ ციტრუსის დამამზადებლებსა და ექსპორტიორებს საშუალება ექნებათ, კომპეტენტური ორგანიზაციებიდან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, ადგილზე გაესაუბრონ ერთმანეთს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, ადგილზევე გააფორმონ ხელშეკრულებები. აჭარაში უკვე საადრეო ჯიშის მანდარინის დაკრეფა დაიწყო. ციტრუსის სეზონი კი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები