ლისაბონში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი აზულეჟოს პანოს რესტავრაცია დასრულდა

ქ. ლისაბონის გრასას ეკლესიაში ცოტა ხნის წინ დასრულდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს რესტავრაცია.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.
როგორც „კვირას“ სააგენტოში განუცხადეს, იმდროინდელი ტრადიციული ტექნოლოგიით – ქაშანურისა და ფაიფურის ფილებით დამზადებულმა პანომ, რომელიც პორტუგალიელი ოსტატების მიერ, კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით და თვითმხილველი მისიონერების მიერ აღწერილი ისტორიების საფუძველზე შეიქმნა, პირველადი სახე დაიბრუნა. გრასას მონასტერში დაცული მდებარე ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი 1080-ფილიანი აზულეჟოს პანო წარმოადგნეს 12 მეტრის სიგრძისა და 3 მეტრის სიმაღლის კომპოზიციას, რომელიც პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით, მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული. მასზე გამოსახულია ქეთევან დედოფლის ირანში ჩაბრძანება, წამება და შემდეგ ავგუსტინელი ბერების მიერ წმინდანის ნაწილების გადაცემა მეფე თეიმურაზისათვის.
პანოს რესტავრაციის საჭიროების საკითხი, მიმდინარე წელს, საქართველო –

პორტუგალიას შორის მოლაპარაკების დროს დადგა დღის წესრიგში, რაც მისი მძიმე საკონსრევაციო მდგომარეობით იყო ნაკარნახევი. არსებობდა კედლიდან ფილების ჩამოცვენისა და დაზიანების საფრთხე. პანოზე აღინიშნებოდა კერამიკული ფილების ნაკლებობა. კომპოზიციის საყრდენი კედელი მძიმე მდგომარეობაშიო იმყოფებოდა. დაზიანებული იყო კომპოზიციის პერსონაჟების თვალები და სახეები. გრასას სამრევლოსა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების რეკომენდაციით, პანოს აღდგენა და კონსერვაციის სათანადო მეთოდოლოგიით ჩასატარებლად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ პორტუგალიური კომპანია ტექსეირა დუარტე (Teixeira Duarte) შეარჩია. 
პორტუგალიური მხარის განმარტებით, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი იყო აზულეჟოს რესტავრაციის საკითხებში. სამუშაოები მოიცავდა 36 მოჭიქული კერამიკული ფილის ასლების დამზადებას და მათი ხელით მომინანქრებას. პანოდან ნახატის ამოღებას და შეღებვას. ფილების მოხარშვას, აღდგენა – კონსერვაციას და მათ ხელახლა ჩასმას გამოსახულებაში. გათვალისწინებული იყო ასევე პანოს კონსოლიდაცია ცარცით, მისი ეტაპობრივი ქიმიური წმენდა და სოკოს საწინააღმდეგო სითხით დამუშავება.
საერთო ჯამში, სამუშაოების ღირებულებამ 16 ათასი ევრო შეადგინა. მთავრობის 2017 წლის განკარგულების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტომ ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს რესტავრაციის მომსახურება გამარტივებული შესყიდვის წესით განახორციელა. 36 კვ მეტრი ფართობის პანოს რესტავრაციის შემდეგ, მის აბრაზე პორტუგალიური, ფრანგული და ინგლისურენოვანი წარწერის პარალელურად უკვე არსებობს ქართულენოვანი მინაწერიც, რომელიც პანოს რესტავრაციის პროცესის საქართველოს მთავრობის დახმარებით განხორციელებას მოწმობს.
ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო განსაკუთრებული ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის ძეგლია ორივე ქვეყნისათვის. იგი ადასტურებს პორტუგალიელი მისიონერების ჩასვლას აღმოსავლეთში და პირველი ქრისტიანული საზოგადოებების შექმნას. საქართველოსთვის, მისი რესტავრაცია მაღალი სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კულტურული მნიშვნელობისაა და საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული მჭიდრო კავშირების გაღრმავებას უზრუნველყოფს. სხვადასხვა დროს პანოს აღმოჩენასა და შესწავლაში დიდი როლი შეასრულეს ქართველმა მეცნიერებმა.
პანოს რესტავრაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივის შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები