დავით მათიკაშვილი: ველოდებით, რომ ეს შეხვედრა, თუკი ასეთი გაიმართება, იქნება პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის

„შეხვედრა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის უნდა გაიმართოს, რადგან სხვა მხარეებმა ცვლილებებზე მუშაობის და მიღების პროცესი დატოვეს“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტისადმი შეთავაზების კომენტირებისას განაცხადა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ გიორგი მარგველაშვილი მათ ამ პოზიტიურ შეთავაზებას დათანხმდება.

„მთელ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, დამაგვირგვინებელ ეტაპზე მაინც ითამაშოს პოზიტიური როლი პრეზიდენტმა და სწორედ იმ ცვლილებებს დაადოს ვეტო, იმ დაპირებებთან მიმართებით, რაც იქნა გაკეთებული უმრავლესობის მიერ და მოწონებული ვენეციის კომისიის მიერ. ეს პროცესი განხორციელდეს შემჭიდროებულ ვადებში. სხვა შემთხვევაში, ეს პროცესი მაინც განხორციელდება და აუცილებლად იქნება ის ორი ცვლილება მიღებული. ეს იქნება უბრალოდ დროში ოდნავ გაზრდილი პროცესი, თუმცა იმ მიზნებისთვის, რასაც ემსახურება ეს ორი ცვლილება, ეს ისედაც მიიღწევა 2020 წლის არჩევნებისთვის. ჩვენ ველოდებით, რომ ეს შეხვედრა, თუკი ასეთი გაიმართება, იქნება პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის. ამ შემთხვევაში, სწორედ ეს ორი მხარე წარმოადგენს ურთიერთობის იმ სუბიექტებს, რომლებმაც ეს პრობლემა უნდა მოაგვარონ, რადგან სხვა ყველა მონაწილემ, ოპოზიციის ნაწილმა ჯერ კიდევ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროს დატოვა კომისიის რიგები, ხოლო კონსტიტუციის მიღების დროს ორჯერ დატოვეს პარლამენტი და წავიდნენ. ასე რომ, სწორი ფორმატი არის პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის შეხვედრა. იმედი მაქვს, ამ პოზიტიურ შეთავაზებას და შანსს იმისას, რომ მონაწილეობა მიიღოს და ჩაერთოს პრეზიდენტი ამ პოზიტიურ პროცესში, რასაც ახალი კონსტიტუციის მიღება ჰქვია, ის გამოიყენებს. ჩვენ ველოდებით პასუხს, არის დრო, არსებობს ფორმატი, პასუხი ჯერ არ ყოფილა, იმედი გვაქვს, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება, თუ არადა, ეს პოზიტიური პროცესი მაინც დასრულდება, დასრულდება ისე, როგორც არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები