ლევან დავითაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა. როგორც „კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები გრძელდება. „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, კოოპერატივს „მთის გემო“ 1500 ლიტრის მოცულობის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კოოპერატივის „მთის გემო“ წევრებს საწარმოში შეხვდა და იმერული ყველისა და სულგუნის წარმოების პროცესს გაეცნო. კოოპერატივმა „მთის გემო“ სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენება უზრუნველყო, სადაც პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა განთავსდა და რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.
მინისტრი სამცხე-ჯავახეთში რეგიონში, ახალციხეში მეფუტკრეობის კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის პროცესსაც დაესწრო. „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონის 6 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 190 სკა, 6 კოოპერატივს 55 ათასი ლიტრის თაფლის შესანახი ავზები, 6 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), ხოლო 5 კოოპერატივს 5 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა გადაეცა. სკების გადაცემას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე შეხვდნენ.