ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა – სტიქიის შედეგად 2 ოჯახი გასახლებულია
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ჩაიხერგა შიდა სასოფლო გზები მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და ხალაში.
სტიქიამ პრობლემები შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს, 2 ოჯახი გასახლებულია. მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო წყავროკა-ცეცხლაურის დამაკავშირებელი ხიდი. წყალმომარაგება შეზღუდული აქვს ციხისძირის, ბუკნარის, ხუცუბნისა და ლეღვას მოსახლეობას. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდანვე განახლდა.
სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები პრობლემურ უბნებზეა გასული. დამეწყრილი შიდა სასოფლო გზების გასაწმენდად 17 ერთეული ტექნიკა იმუშავებს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.