„ჩაკრულოს“ კვირეული“ – “ვოიაჯერისა” და “ჩაკრულოს” კოსმოსში გაშვების საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება

 „ვოიაჯერის“ 40 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად, „ნასა“ მთელს მსოფლიოს ეპატიჟება. “ვოიაჯერისა” და “ჩაკრულოს” კოსმოსში გაშვების საიუბილეო ღონისძიებები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, რამაზ ბლუაშვილის ფილმ “სიმღერის” პრემიერა და ანსამბლ “ერისიონის” კონცერტი გაიმართება.
კონცერტი „ჩაკრულოს“ კვირეულის“ ფარგლებში, „ნასას“ ორი კოსმოსური ხომალდის, „ვოიაჯერ 1“-ისა და „ვოიაჯერ 2“-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილეს ეძღვნება. კვირეულის ორგანიზატორები არიან: აშშ-ის საელჩო საქართველოში და მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდი „ნოვა“.
ხომალდი „ვოიაჯერ 1“ 1977 წლის 5 სექტემბერს გაუშვეს კოსმოსში; 2012 წელს, მან მზის სისტემა დატოვა და ამჟამად ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაპობს. „ვოიაჯერ 1“ კაცობრიობის ერთადერთი ქმნილებაა, რომელმაც მშობლიური მზის სისტემა დატოვა.
„ვოიაჯერ 2“ 1977 წლის 20 აგვისტოს გაუშვეს და სულ მალე, მზის სისტემას ისიც დატოვებს.
თითოეულ ხომალდს „კოსმოსურ ოკეანეში“ თან მიაქვს ოქროს ფირფიტა, რომლებზეც ჩაწერილია დედამიწისეული ხმები, ღირსშესანიშნავი ადგილები და სიმღერები ჩვენი პლანეტიდან, მათ შორისაა ქართული სიმღერა „ჩაკრულო“. ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღესაც, მათ რომელიმე სხვა, კოსმოსში მოხეტიალე არამიწიერი ცივილიზაცია გადაეყაროს და გაშიფროს…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები