სანდრო გირგვლიანის დეიდა ირაკლი ზაქარეიშვილზე: დაასვენოს სანდროს და ირინას სულები, თორემ პირადად გავუსწორდები

რამდენიმე დღის წინ დათა ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქით სანდრო გირგვლიანის ცხედრის ფოტოები გაავრცელა და დაწერა, რომ გირგვლიანი სიკვდილის შემდეგ არის ნაწამები, რასაც მოწმობს დაზიანებები მის სხეულზე. „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ზაქარეიშვილს მწვავედ აკრიტიკებს სანდრო გირგვლიანის დეიდა მაია ენუქიძე, ის ზაქარეიშვილს მოუწოდებს დაუყონებლივ შეწყვიტოს სანდრო გირგვლიანის ფოტოების გამოქვეყნება.
მაია ენუქიძე აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ზაქარეიშვილს უჩივლებს.
„რომ ამბობს გარდაცვალების შემდეგ აქვს დაზიანებები მიყენებულიო, ვინ აწამა სანდრო ტყეში, მგლებმა თუ ტურებმა? ზაქარეიშვილი ადვოკატია და სხვას რას იტყვის? ეგ დეგრადირებული ტვინის პატრონია. მოკლული სანდროს ფოტოები, რომ გამოფინა, აქვს ამისი უფლება? მაგ საცოდავს ურჩევნია, დაასვენოს სანდროს და ირინას სული, თორემ პირადად გავუსწორდები და იმ ჯარიმას, რაც იქნება, როგორმე გადავიხდი. სასწრაფოდ შეწყვიტოს სანდროს ფოტოების გამოფენა! რას ნიშნავს, მერე აწამეს! და ვინ აწამა -18 გრადუსში, პასუხი თუ აქვს? იმედი მაქვს, ამ ძალად ადვოკატს მოსამართლე და პროკურორი გასცემენ პასუხს. თავის დროზე რამდენი ექსპერტიზა ჩატარდა და ახლა დაადგინა სიმართლე?! ალბათ, ძალიან დიდი ფული აქვს აღებული და როგორმე უნდა, დამნაშავე გაამართლოს. მოასვენოს გარდაცვლილთა სულები! აღარ ვნახო, კიდევ გამოფინოს ფოტოები, თორემ ვუჩივლებ, გოგი და გურამი ( სანდროს ბიძა და მამა) ჩამოვლენ და მივხედავთ ამ საქმეს. რამდენი ფულიც უნდა აიღოს, ეს ვითომ ადვოკატი ვერასდროს გაამართლებს ამ სულით მახინჯებს, რადგან საქართველოშიც და სტრასბურგშიც ნათქვამი, რომ ისინი დამნაშავეები არიან. ეგენი ციხიდან უნდა გამოეშვათ კი არა, სანდროს მწამებლებიც და ბრძანების გამცემებიც სამუდამო პატიმრობაში უნდა დაეტოვებინათ. ეს ფოტოები ექსპერტებმა კი არა, არაპროფესიონალებმაც რომ ნახონ, რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ ეს კაცი ფანტაზიორობს. წელიწადში ერთხელ ამოიდგამს ხოლმე იმ გველის ენას და ახალაიებს და “ნაცხროვას” ამართლებს. ეს ადამიანი ბევრს იღებს თავზე! იმედი ხომ არ აქვს, რომ ისევ „ნაციონალები” გაძვრებიან? რაც „ოცნებამ” ვერ მოახერხა, ამას ხალხი მოახერხებს და ქუჩაში გაუსწორდებიან ამ სატანებს!” -აცხადებს მაია ენუქიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები